skip to content
ახალი ამბები

ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს მიმართავს

ქართველი ჟურნალისტების და მედია ორგანიზაციების ჯგუფმა ერთობლივ მიმართვაში მოუწოდა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც 22 ივლისს ჩამოდის თბილისში, ვიზიტის დროს მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც გაამახვილოს ყურადღება.

მიმართვა, რომელიც ასევე დაწერილია საქართველოს ხელისუფლების სახელზე, მოუწოდებს მთავრობას გაათავისუფლოს საქართველოს ნაციონალური სატელევიზიო არხები ”წნეხისგან” და გამჭირვალე გახადონ ტელეარხების დამფუძნებელთა ვინაობა და არ ჩაერიონ სატელევიზიო არხების ქონების გადანაწილებასა და შიდა სარედაქციო პოლიტიკაში. ამ კონტექსტში მიმართვა აყენებს ტელეკომპანია ”იმედის” საკუთრების საკითხს და მოუწოდებს ხელისუფლებას დააბრუნოს ტელევიზია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაში.

მედიის წარმომადგენლები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას გამოიძიოს ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები, მათ შორის ის ინციდენტი, რომელიც 15 ივლისს თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მოხდა.

”ბატონო ვიცე-პრეზიდენტი, გთხოვთ, დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხებით და შეფასება მისცეთ მათ, რაც იქნება ამერიკელი ხალხისა და პირადად თქვენ მიერ შეტანილი წვლილი ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაძლიერების საქმეში. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა შეესაბამება აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებული ქარტიით მოცემულ პრინციპებს და ნაკისრ ვალდებულებებს,” – ნათქვამია მიმართვაში.

ერთობლივ მიმართვას ხელს აწერენ: სტუდია ”მაესტრო” და ტელეკომპანია ”კავკასია”; გაზეთები – რეზონანსი; ახალი თაობა; კვირის პალიტრა; Georgian Times; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი Messenger; ასავალ-დასავალი; რუსულენოვანი ”სვობოდნაია გრუზია”; ვერსია; ყველა სიახლე; ჟურნალები – გზა; თბილისელები; რეიტინგი; რადიოსადგურები – პალიტრა;უცნობი; საინფორმაციო სააგენტოები – ინტერპრესნიუსი; GHN; პირველი; ექსპრესნიუსი; ვებგვერდები  media.ge და gevision.tv.

მედიასთან დაკავშირებული პრობლემები ასევე წამოწია ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ თავის სტატიაში, რომელიც შესულია ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის – საგარეო პოლიტიკის  ცენტრის (Foreign Policy Center) მოხსენებაში  "საქართველო ყურადღების ცენტრში". სემნები წერს რომ მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანს წარმოადგენს საქართველოში მედია საშუალების საკუთრების გაუმჭვირვალეობა.

”ამ მხრივ, საჭიროა შეიქმნას მედიის მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმი, რათა ეფექტურად მოგვარდეს ამ სფეროში არსებული ხარვეზები. სხვა კიდევ ბევრი რამ არის შესაძლებელი გაკეთდეს ხელისუფლების მიერ ამ საკითხის მოსაგვარებლად,” – წერს ევროპელი დიპლომატი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button