ახალი ამბები

ქრისტიან-დემოკრატები შსს-ზე მონიტორინგის დაწესების ინიციატივით გამოდიან

საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი პარტია, ქრისტიან-დემოკრატები პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მონიტორინგის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდიან. 

ეს ინიციატივა მას შემდეგ გახმოვანდა, რაც ცნობილი გახდა მოსასმენი აპარატურების აღმოჩენის ფაქტების შესახებ ოპოზიციური პარტიების – საქართველოს გზის, კონსერვატორების და ალიანსი საქართველოსთვის – ოფისებში.

დეპუტატმა ქრისტიან დემოკრატებიდან ნიკა ლალიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებისაგან და მონიტორინგი უნდა დააწესოს შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საქმიანობაზე და არა სხვა სპეციფიურ, კრიმინალურ მიმართულებებზე.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია მიესალმა ამ ინიციატივას და განაცხადა, რომ ამ თემებზე საუბარი ჰქონდა 11 მაისს პრეზიდენტთან ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის დროს.

”უნდა შედგეს ჯგუფი, რომელსაც ექნება საიდუმლოსთან [შს სამინისტროში] დაშვება,”- განაცხადა მან, ”ეს, რა თქმა უნდა, მარტივი არ იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ ასეთი შესაძლებლობა მიეცეს ამ ჯგუფს”.

რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ალიანსი საქართველოდან ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დეპუტატებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებით ისედაც აქვთ შსს-ის მონიტორინგის ფუნქცია.

”ამიტომ ისინი ალბათ ჯერ განგვიმარტავენ თავად რატომ ვერ ახერხებენ ამ მონიტორინგის განხორციელებას, რატომ არ დაიბარეს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში… აი ამას რომ აგვიხსნიან, ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ რაიმე სხვა მექანიზმებზე – ეს იქნება საზოგადოებრივი მონიტორინგი თუ რაიმე სხვა,”- განაცხადა უსუფაშვილმა.  

Back to top button