ახალი ამბები

დეპუტატები პატრიარქის განცხადებაზე კომენტარს აკეთებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით პატრიარქის მოწოდების შესაბამისად შესაძლებელია არჩევნების საკითხის განხილვა ვითარების განსამუხტად.

თუმცა რომელ არჩევნებს გულისხმობენ, ამას მმართველი პარტიის დეპუტატები არ აკონკრეტებენ განსხვავებით საპარლამენტო უმცირესობისგან, რომლის ლიდერმაც გიორგი თარგამაძემ პირდაპირ განაცხადა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობის შესახებ.

საქართველოს პატრიარქმა 28 მაისს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ”სერიოზული და ფეთქებადსაშიში” დაძაბულობის  განსამუხტავად უნდა გადადგას ”ქმედითი ნაბიჯები”, იქნება ეს ”რიგგარეშე არჩევნები, მოლაპარაკებები თუ სხვა”.

”მისი ინტერესი არ არის პოლიტიკური რეცეპტების გამოწერა, არამედ ის მიგვითითებს სწორ სულისკვეთებაზე, სწორ მოქმედებაზე,”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა, ”ეს სწორი მოქმედება არის კონსოლიდაცია, დიალოგი, მოლაპარაკებები და მათ შორის არჩევნების გამოყენებაც იმისათვის, რომ რთული ვითარება განიმუხტოს. ამას ყველაფერს უკვე სჭირდება პოლიტიკურ ძალთა შორის ურთიერთქიშპობის დასრულება და მიჯდომა მოლაპარაკებათა მაგიდასთან”.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ სწორედ ცივილიზებული დიალოგის დაწყებისკენ ”მოგვიწოდა დღეს უწინარესად საქართველოს პატრიარქმა”.

”საუბარი უნდა იყოს რეალურ წინსვლაზე ქვეყნის, რაც უნდა გამოიხატებოდეს პირველ რიგში სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებით და ოპოზიციის აქტიურად ჩართვით ამ პროცესში, უნდა გამოიხატებოდეს ხელისუფლების დანაწილების პრინციპის კონსტიტუციურად ასახვაში და შედეგად, ამას უნდა მოჰყვეს დაუყოვნებლივ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,”- განაცხადა გიორგი თარგამაძემ, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა.  

საპარლამენტო უმცირესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ბოლო ვადად 31 დეკემბერი დაასახელა.

Back to top button