
ეროვნული ფორუმი რეგიონებში აქციებს იწყებს
ეროვნული ფორუმი რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვას დამოუკიდებლად იწყებს, თუმცა შეინარჩუნებს საკონსულტაციო რეჟიმს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.
”თუ ისინი გამოთქვამენ ასეთ [რეგიონებში აქციების ჩატარების] სურვილს ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, თუ არადა ეროვნულ ფორუმს აქვს რესურსი, ადამიანური პირველ რიგში, რომელიც უზრუნველყოფს ამ სამუშაოების წარმატებით დაგვირგვინებას,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ, ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
გუბაზ სანიკიძის თქმით, 9 აპრილის აქციების ორგანიზატორ ოპოზიციურ პარტიებში არის ერთობა საერთო სტრატეგიაზე – პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაზე, თუმცა ტაქტიკურად ”ეროვნულ ფორუმს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებებში ჯობია ის იყოს თავისუფალი”.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად აქციების გაგრძელებას, სანიკიძის თქმით, გადაწყვეტილებების იქნება ”ფორუმის საბჭოს მიერ გარკვეული მიზანშეწონილობის მიხედვით” მიღებული.
”ალბათ იქნება აქციები, რასაც ჩვენ ერთად ჩავატარებთ და იქნება აქციები, სადაც ფორუმი ცალკე ჩაატარებს,” – განაცხადა სანიკიძემ.
მან დაასახელა ის ორი საკითხი, რაზეც ფორუმს სხვა ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ეს იყო რეგიონებში კამპანიის გატანა და მეორე, 26 მაისს ეროვნული სტადიონიდან მოიტინგეების მსვლელობა სამების ტაძრისკენ. სანიკიძის თქმით, ამ მსვლელობას ეწინააღმდეგებოდა ასევე ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია.
”მე მინდა გულახდილად გითხრათ ხელისუფლების მხრიდანაც და ოპოზიციის მხრიდანაც იყო მცდელობა პატრიარქის ჩარევისა ამ საკითხებში, მიმდინარე პროცესებშ,ი რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო ფორუმი,” – განაცხადა სანიკიძემ.
ეროვნული ფორუმი აპირებს აქტიური კონსულტაციები დაიწყოს პარტია თავისუფლების ლიდერთან კონსტანტინე გამსახურდიასთან და ლეიბორისტების ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან; ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებს ირაკლი ალასანიასთან. თუმცა სანიკიძემ განაცხადა, რომ ”ფორუმი ორგანიზაციულ გაერთიანებას არ აპირებს არც ერთ ორგანიზაციასთან”.
ეროვნული ფორუმი ორ-სამ დღეში აქციებს აჭარიდან დაიწყებს.
”ჩვენი ღრმა რწმენით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის გაშვებისათვის აუცილებელია დანარჩენ საქართველოში… დაიწყოს ისეთივე პროცესები, როგორიც მიმდინარეობდა თბილისში,” – განაცხადა პრესკონფერენციაზე გუბაზ სანიკიძემ, ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ სააკაშვილს წავართვით დედაქალაქი და ახლა უნდა წავართვათ დანარჩენი საქართველო”.