ახალი ამბები

ოპოზიცია მერიის პიკეტირებას გეგმავს

ოპოზიციამ დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მოუწოდა მხარდამჭერებს ხვალ თბილისის მერიის შენობის პიკეტირება მოახდინონ.

ამ გეგმის მიხედვით ოპოზიციის მხარდამჭერები 28 მაისს 12 საათისთვის სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ მერიისკენ, სადაც გიგი უგულავას ადმინისტრაციის გარდა, დროებით ასევე იმყოფებიან დეპუტატები მმართველი პარტიიდან მას შემდეგ, რაც 9 აპრილის შემდეგ პარლამენტმა საკუთარი საქმიანობა საპროტესტო აქციების გამო შეიჩერა.

ხვალინდელი პიკეტირების მთავარ მიზეზად ოპოზიციამ დაასახელა გიგი უგულავას, მათი თქმით, მოულოდნელი მისვლა სამების საკათედრო ტაძარში მაშინ, როცა პატრიარქის სიტყვას ათასობით მანიფესტანტი ელოდებოდა ეკლესიასა და მის ეზოში 26 მაისს. ოპოზიციის განცხადებით, უგულავამ, რომელიც ეკლესიაში პატრიარქს შეხვდა, გარკვეული გავლენა მოახდინა მისი განცხადების შინაარსზე. პატრიარქმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს მოუსმინონ ერთმანეთს, უარი თქვან კატეგორიულობაზე და ამპარტავნებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტების ცვლის არსებულ პრაქტიკას ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოუტანია.

Back to top button