
ქრისტიან-დემოკრატები ხელისუფლებას პროტესტზე ადეკვაქტურ რეაგირებას თხოვენ
ქრისტიან-დემოკრატებმა მოუწოდეს ხელისუფლებას რეალური კომპრომისების გზით სათანადო რეაგირება მოახდინონ არსებულ პროტესტზე.
"გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა დიდია და მას ხელისუფლების მხრიდან სათანადო, ადეკვატური რეაგირება სჭირდება და არა პროტესტისგან თავის დაღწევის მცდელობა,”- განაცხადა პარტიამ 27 მაისს, ”ამ ფონზე ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, რაც უნდა გამოიხატოს რეალურ პოლიტიკურ კომპრომისებზე წასვლისთვის მზადყოფნაში”.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის პარტია ასევე მიიჩნევს, რომ ”ჩიხიდან” გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოიძებნოს, ”რადგან სხვა გზა შესაძლოა გახდეს უმართავი პროცესების დაწყების წინაპირობა”.
ქრისტიან-დემოკრატებმა ასევე მოუწოდეს პატივი სცენ პატრიარქის მოწოდებებს გამოხატეს რა წუხილი ”მისი უწმინდესობის მისამართით გუშინ გაკეთებულ არაკორექტულ განცხადებებთან დაკავშირებით”.
”მიგვაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ პატრიარქის სახელისა და ავტორიტეტის სპეკულაციის იარაღად გამოყენება, რამაც რიგი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან შემაშფოთებელი ტენდენციის სახე შეიძინა,”- აცხადებენ ქრისტიან-დემოკრატები.
21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ ქრისტიან-დემოკრატები აწარმოებდნენ კამპანიას პლატფორმით ”საქართველოს მართლმადიდებლური ქრისტიანობის დაცვა”.