ახალი ამბები

ბურჯანაძე და ძმები გაჩეჩილაძეები პატრიარქს შეხვდნენ

დღეს დილით დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძე და მისი ძმა, გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ ვრცელი კომენტარი არ გაკეთებულა. ლევან გაჩეჩილაძემ მცირე რეპლიკაში განაცხადა: ”ვანოს კითხეთ” იგულისხმა რა შინაგან საქმეთა მინისტრი მერაბიშვილი. ჟურნალისტის შეკითხვას იყო თუ არა მერაბიშვილიც შეხვედრაზე, გაჩეჩილაძემ ირონიით უპასუხა: ”კი, სულ იქ არის”.

ამ შეხვედრას ოპოზიციის დანარჩენი ლიდერები არ დასწრებიან. საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათგან პირველად ესმოდა ასეთი შეხვედრის შესახებ.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პოლიტიკურ საკითხებში პატრიარქის ჩართვა ”უხერხულია”.

26 მაისს სტადიონზე გამართული აქციის შემდეგ გიორგი გაჩეჩილაძის მოწოდებით ათასობით ადამიანი სამების ტაძრისკენ დაიძრა მაშინ, როცა თავდაპირველი გეგმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობას ითვალისწინებდა. გაჩეჩილაძემ, რომელიც წინა დღეს პატრიარქს შეხვდა, განაცხადა, რომ  ილია მეორემ უნდა ”მოგვმართოს რა უნდა გავაკეთოთ ამის მერე”. სამების ტაძარში მივიდნენ ასევე თბილისის მერი გიგი უგულავა და ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაც შედგა ხანმოკლე შეხვედრა გიორგი გაჩეჩილაძესთან. ამ მოვლენებს თან ახლდა პატრიარქის განცხადება, რომელმაც მიანიშნა, რომ ოპოზიციამ გვერდზე უნდა გადადოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა. ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერებმა და ასევე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადეს, რომ პატრიარქი შეაშინეს და სხვა განცხადება გააკეთებინეს.

”მე ვთვლიდი, რომ სტადიონიდან სხვა საქმე იყო გასაკეთებელი. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჩვენი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სხვას არ უნდა მივანდოთ – ეს იქნება უცხოეთი ან ეს იქნება თუნდაც უწმინდესი,”- განუცხადა ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს.

Back to top button