
სააკაშვილი საპროტესტო აქციაზე კომენტარს აკეთებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ გასაკვირი არ არის, რომ ”ხალხის რაღაც ნაწილი” პროტესტს გამოთქვამს.
თბილისის ერთ-ერთი სკოლის საკლასო ოთახში მოსწავლეებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მის კონკურენტს ლევან გაჩეჩილაძეს 700 ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
მისი თქმით, ამ ხალხის ნაწილი გამოთქვამს ”თავის გულისწყრომას იმიტომ, რომ ის არ არის კმაყოფილი იმითი, რომ მათი კანდიდატი, მათი რჩეული ვერ გავიდა და მეორეს მხრივ, გავიდა ის, ვინც მათ არ უნდოდათ”.
როცა სააკაშვილი ამას საუბრობდა პარალელურად ათასობით ადამიანი თბილისის სტადიონზე საპროტესტო აქციას მართავდა.
”მე ისიც კარგად ვიცი, რომ ხალხს ძალიან უჭირს,”- განაცხადა მან, ”მე ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების ცხოვრობს გაჭირვებაში. ბოლო ხუთ წელიწადში სიღარიბის ზღვარს მქონე ადამიანთა რიცხვი შემცირდა თითქოს ორჯერ. ის ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის ადრე სულ რომ არაფერს უკეთებდნენ ახლა უფასო სამედიცინო დაზღვევა აქვს, გარკვეული შეღავათები აქვს სოციალურ მომსახურეობაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი”.
”რა თქმა უნდა, ამ ხალხის ერთი ნაწილი, დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო,”- განაგრძო მან, ”არ შეიძლება კმაყოფილი იყო, როცა გაჭირვებული ხარ და რა თქმა უნდა ერთი ნაწილი არის პროტესტის მდგომარეობაში”.
”მეორეს მხრივ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ დავითხოვეთ სამსახურიდან 50 ათასზე მეტი ადამიანი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. მე ვლაპარაკობ სახელმწიფო სამსახურებზე – პოლიცია, პროკურატურა, საბაჟო, სამთავრობო აპარატი, ადგილობრივი მმართველობა ეს იქნება მერია, გამგეობა და ა.შ. უნდა დაგვეთხოვა თუ არა ეს ხალხი? მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ის სისტემა იყო გამოსაცვლელი, რა თქმა უნდა, მე არ ვარ იმ აზრის, რომ ყველა დათხოვნა მოხდა სამართლიანად, ყოველთვის ამ დროს ხდება უსამართლობები, სამწუხაროდ უსამართლო სისტემა იყო და მის დასანგრევად საჭირო იყო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა”.
”რა თქმა უნდა, ეს ხალხი ჩვენ არც არსად დაგვიპატიმრებია, არც არსად გაგვისახლებია. ეს ხალხი ცხოვრობს, ცხოვრობს ძირითადად თბილისში და რა თქმა უნდა არ შეიძლება ეს ხალხი იყოს კმაყოფილი იმითი, რომ ისინი სამსახურიდან დაითხოვეს, მაგრამ დემოკრატიის ამოცანა არის, რომ ყველა ჯგუფს მოუსმინოს მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიიღოს დაფუძნებით საერთო საზოგადოებრივი ინტერესით, რომ ვერც ერთი ცალკე აღებული ჯგუფი ვერასოდეს ულტიმატურად თავის აზრს ვერ მოახვევს მთლიანად საზოგადოებას. ყველას აზრია გასათვალისწინებელი, საბოლოო ჯამში ეს აზრები უნდა შეჯერდეს, ყველა ჯგუფის ინტერესი უნდა შეჯერდეს, ყველა ადამიანის ინტერესი უნდა შეჯერდეს და საბოლოო ჯამში უნდა იყოს ეს გათვალისწინებული,”- აღნიშნა მან