
სააკაშვილი: ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის გრძელდება
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას სრული გათავისუფლებისათვის.
”დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ დღეს, რომლის აღნიშვნა ჩვენი მტრის გეგმებში 2009 წლის 26 მაისს არ ეწერა,”- განაცხადა მან, ”მე მინდა შეგახსენოთ შარშან 12 აგვისტოსთვის რუსული ტანკები იდგნენ თბილისის მისადგომებთან, რუს გენერლებს მიღებული ჰქონდათ თბილისის აღების გადაწყვეტილება… საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის ფეხქვეშ გათელვის და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ერთხელ და სამუდამოდ დასამარების, ე.ი. კავკასიაზე ერთხელ და სამუდამოდ გამეფების, შუა აზიის და კასპიის რეგიონის ერთხელ და სამუდამოდ გაკონტროლების და საბჭოთა კავშირის აღდგენის…. დღემდე იმ სიმახინჯეს, რაც დაგვიტოვა რუსეთის იმპერიაში ყოფნამ, ვებრძვით და ეს სიმახინჯე ჩვენ გვებრძვის თუნდაც საქართველოში ამ დღეებში”.
მან ეს განცხადება მუხათგვერდში, აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ძმათა სასაფლაოზე გააკეთა.
”ეს ბიჭები დაეცნენ წარსულში, მაგრამ მათ შექმნეს ჩვენი მომავალი, ჩვენც მათთან ერთად უნდა შევქმნათ ჩვენი მომავალი,”- განაცხადა მან, ”ჩვენი ბრძოლა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის გრძელდება და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ”.
”ჩვენ ყველა, ვისაც გვიყვარს სამშობლო, ჩვენ ყველანი მზად ვართ თქვენთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, თუ საჭიროა თავი გავწიროთ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა მოვესწროთ იმას, როცა ბოლო უცხოელი ოკუპანტი, ბოლო უცხოელი მომხვდური, ბოლო მტრის შენაერთი ერთხელ და სამუდამოდ დატოვებს საქართველოს წმინდათა წმინდა მიწას. იმიტომ რომ საქართველომ შარშან დაიცვა თავისი დამოუკიდებლობა და აჩვენა მთელს ქვეყანას, რომ ჩვენ ვართ კარიბჭე თავისუფლების მთელი რეგიონის,”- განაცხადა მან.
”რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაშიც არის ხალხი, რომელიც ომის დროს იმალება და როცა მტერი კარს ადგება თუ იგრძნო, რომ ჩვენ შეიძლება ოდნავ მაინც ფეხი მოგვიცდეს, აუცილებლად შეეცდება ციხის კარის შიგნიდან გაღებას და გატეხვას, მაგრამ საქართველოში ასეთები როდესმე უმრავლესობა რომ ყოფილიყვნენ საქართველო დღეს ვერ იარსებებდა,”- განაგრძო მან, ”საქართველო ძლიერია იმით, რომ ყოველ ერთ შეშინებულ, ყოველ ერთ გაყიდულ, ყოველ ერთ გამქცევ, ყოველ ერთ საქართველოს არა პატრიოტ მის მაცხოვრებელზე მოდიოდა მრავალი და მრავალი სრულიად სხვადასხვა ეროვნების და ეთნიკურობის საქართველოს დამცველი და საქართველოსთვის თავის დამდები და გამწირველი”.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს დეოკუპაციის შემდეგ მოხდება აფხაზების და ოსების ხელახლა ინტეგრირება ქართულ სახელმწიფოში.
”მე მინდა მათ იცოდნენ და მათ იციან, რომ ჩვენ მათ წინააღმდეგ არასდროს არაფერი არ გვქონდა,”- განაცხადა მან, ”მე მინდა იგივე იცოდნენ აფხაზებმა… იმიტომ, რომ აფხაზეთში ყოველგვარი მიზეზგარეშე შემოვიდნენ და მოახდინეს მისი ოკუპაცია მოახდინეს და მის პრაქტიკულად გადაყლაპვას ახდენენ ახლა ეს საოკუპაციო ძალები”.
მისი თქმით, საქართველო ფეხზე დგება და ”ცალი ხელით” აგრძელებს ბრძოლას.
”ერთის მხრივ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სრული განთავისუფლებისთვის და მეორე ხელით ჩვენ ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”იმიტომ, რომ ყველაზე დიდი პატივის მიგება ჩვენი დაღუპული გმირებისადმი იქნება აშენებული, წარმატებული შორს წასული, თავისუფალი დემოკრატიული, ევროპული საქართველო. იმ ჩვენ მტერსაც გავაკვირვებთ, რომლებსაც ჩვენი დაქცევა და დანგრევა გარდაუვლად მიაჩნდა… ჩვენ დავასრულებთ საქმეს, რომ ავაშენოთ წარმატებული და ერთიანი საქართველო და ეს იქნება ყველაზე დიდი ჩვენი პასუხი ყველანაირი აგრესიის, ყველანაირი შემოსევის, ყველანაირი ჩვენი განადგურების მცდელობის მიმართ”.
დამოუკიდებლობის დღეს ხელისუფლებამ უარი თქვა ტრადიციული სამხედრო აღლუმის გამართვაზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ დაგეგმა ”სახალხო აღლუმი” პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.