
სოზარ სუბარი გმობს ”მაესტროზე“ თავდასხმას
სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ”უკიდურეს აღშფოთებას გამოხატავს” სტუდია ”მაესტროზე“ თავდასხმის გამო და ინციდენტის სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს.
”ტელეკომპანიისთვის ბომბის სროლა წარმოადგენს არა მხოლოდ მძიმე კრიმინალს, არამედ არის თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვის მორიგი მცდელობა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებას,”- ნათქვამია სუბარის განცხადებაში, ”ჩვენ არ შეიძლება ვეგუებოდეთ, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ ამბად იქცა ტელეკომპანიების დარბევა, მათთვის ყუმბარების სროლა, ჟურნალისტების ცემა და დაშინება, თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის სხვადასხვა სახით შეზღუდვა, რასაც არ მოჰყვება ადეკვატური გამოძიება და კანონის შესაბამისი დასჯა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!”
სახალხო დამცველი ასევე მოითხოვს უსწრაფესად გაირკვეს, თუ რა გახდა შემთხვევის ადგილას პატრულის დაგვიანებით მისვლის მიზეზი.