
სახალხო დამცველი მისი საქმიანობის დაბრკოლებას აპროტესტებს
სახალხო დამცველის აპარატი ითხოვს პასუხი აგონ იმ სამართალდამცავებმა, ვინც 24 მაისს სოზარ სუბარს და მის მოადგილეს გიორგი ჩხეიძეს არ მისცეს საშუალება ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში პირისპირ შეხვედროდნენ მუხროვანის ამბოხში ბრალდებულ კობა ოთანაძეს.
განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა 25 მაისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ შეხვედრას ოთანაძესთან ესწრებოდნენ და პალატის დატოვებაზე უარი განაცხადეს სოდ-ის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ასევე ”სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმაც”.
სოზარ სუბარისთვის გაუგებარია, თუ რატომ იცავენ სოდ-ის თანამშრომლები დაპატიმრებულ პირებს, რომელთაც სასამართლომ 23 მაისს უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
ამჟამად კლინიკაში მკურნალობას განაგრძობენ კობა ოთანაძე და ამბოხის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული ლევან ამირიძე. შსს-ის განცხადებით, დაკავების სპეცოპერაციას გია კრიალაშვილი ემსხვერპლა.