ახალი ამბები

შსს ადასტურებს ოთანაძის ნათესავების ”დაკითხვას”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 მაისს განაცხადა, რომ მუხროვანის ამბოხში ეჭვმიტანილი კობა ოთანაძის ოჯახის ზოგიერთი წევრი მოწმის, ხოლო ზოგიერთი ეჭვმიტანილის სახით დაჰკითხა.

”მათ მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ ეჭვმიტანილების დაკავებაში სერიოზული როლი შეასრულა,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ამჟამად, კობა ოთანაძის ოჯახის არცერთი წევრი დაკავებული არაა”.

ამ დრომდე შსს არ ადასტურებდა ოთანაძის ძმის ჯიმშერ ოთანაძის ოჯახის სამივე წევრის დაკავების ფაქტს. ოჯახი ამბოხებაში ეჭვმიტანილების მიმართ განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ გაათავისუფლეს. 21 მაისს სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯიმშერ ოთანაძემ განაცხადა, რომ ის მოდულის შენობიდან გაათავისუფლეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყო, რომ მისი 14-მდე ნათესავი, მათ შორის 8 თვის ბავშვი ასევე ჰყავდათ დაკავებული.

კობა ოთანაძის მეორე ძმა ნუგზარ ოთანაძე, რომელიც პოლიციამ 12 მაისს დააკავა, 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. სახალხო დამცველის განცხადებით, ნუგზარ ოთანაძე ნაცემი იყო.

იმავდროულად, ღუდუშაურის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ზაზა სინაურიძემ დღეს განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ეჭვმიტანილების კობა ოთანაძის და ლევან ამირიძის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაციას ემსხვერპლა გია კრიალაშვილი.

Back to top button