ახალი ამბები

ოპოზიცია ”უკანონოდ” ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვს

საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოუწოდეს პოლიციას დააბრუნოს ოპოზიციის აქტივისტებზე ჩამორთმეული ავტომანქანები, წინააღმდეგ შემთხვევაში 21 მაისიდან მაგისტრალებისა და შსს-ის შენობების პიკეტირებით გააფრთხილეს.

20 მაისს კონსერვატიული პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბოლო საათების განმავლობაში პოლიციის მიერ ავტომანქანის ”უკანონოდ” ჩამორთმევის ათეული ფაქტია დაფიქსირებული. ოპერაციას, ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები ახორციელებენ.

ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი ალიანსი საქართველოდან ახალი მემარჯვენეების ლიდერს დავით გამყრელიძეს შეემთხვა დღეს დილით წავკისში. მანქანის ჩამორთმევის შემდეგ გამყრელიძე საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში ჩაჯდა და განაცხადა, რომ მანქანის დაბრუნებამდე ის პოლიციის მანქანიდან არ გადმოვიდოდა.

ამ ინციდენტს ადასტურებს შსს სპეციალურ განცხადებაში, სადაც ამბობს, რომ გამყრელიძე ”იძულებით გადმოიყვანეს პოლიციის ავტომანქანიდან” მას შემდეგ, რაც  ”წინააღმდეგობა გაუწია” პოლიციას ჩამორთმეული ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანას. სატელევიზიო კადრებში ჩანდა პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, როცა გამყრელიძე იძულებით გადმოყავდათ პოლიციის მანქანიდან.

ამ ინციდენტის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში, რათა გაერკვიათ მანქანების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი. პოლიციელებმა შენობაში მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს, რაც მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ ”ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლად” შეაფასა.

”ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირი დასაბუთება და განმარტება თუ რა ნორმატიული აქტის საფუძველზე მოხდა მანქანების ჩამორთმევა, დაყაჩაღება და ამოღება სახლებიდან და ქუჩებიდან,”- განაცხადა გამყრელიძემ პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.

მისი თქმით, პოლიციის მიერ ჩამორთმეული ავტომანქანებს შორის ჭარბობენ ოპოზიციის აქტივისტი ის მფლობელები, რომლებმაც 19 მაისს შსს-ის შენობის პიკეტირებაში მიიღეს მონაწილეობა.

 

Back to top button