ახალი ამბები

სააკაშვილი პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა დიალოგის გზით დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოზიციების შეჯერება, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობიდან გამოსავალი არ არის არჩევნები.

მან ამის შესახებ წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე ისაუბრა.

თავის სატელევიზიო გამოსვლაში სააკაშვილი მიესალმა რა საპარლამენტო ოპოზიციის კონსტრუქციულ პოზიციას, აღნიშნა, რომ ”რადიკალურ” ოპოზიციაში არიან ჯგუფები, რომლებიც მეტი პასუხისმგებლობით და რეალისტურად აფასებენ ვითარებას და არიან ისეთებიც, ვისაც ”უკან დასახევი გზა” არ აქვს.  მან კონკრეტული პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური ძალების დასახელებისაგან თავი შეიკავა.

”არიან ხალხი, მათ შორის რადიკალებს შორის, რომელიც აფასებენ ამ სიტუაციას სწორად და არის ხალხი, რომელთაც კონკრეტული ვალდებულებები აქვთ აღებული, მათ შორის ფინანსური და არა, როგორც ყველამ ვიცით, ჩვენი კეთილმოსურნეებისგან,”- განაცხადა მან, ”და რა თქმა უნდა, როცა ვალდებულება გაქვს აღებული, ის ხალხი ანგარიშსაც წარმოგიდგენს და ამიტომ მათ უკანდასახევი არაფერი არ აქვთ და ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგრამ ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს და ვისაც ეს ვალდებულებები არ აქვს, ვინც ყურებით არ ყავს ვიღაცას დაჭერილი, ის, რა თქმა უნდა, იქნება დიალოგის და საერთო აზრთა გაზიარების ნაწილი”.

მისი თქმით, ”ფეხების ბაკუნით” პოლიტიკური მიზნების მიღწევა ”არ იმუშავებს”. 

”ფეხის ბაკუნით ქვეყნის არევა და იარაღის ბრაგუნითაც, სხვათა შორის, არავის არ გამოუვა. მაგრამ მეორეს მხრივ დალაგება დიალოგის, ურთიერთგაცვლის, ერთმანეთის თვალებში ჩახედვის გზით, ეს არის ჩვეულებრივი რამ,”- განაცხადა მან, ”მინდა გითხრათ, რომ ეს რადიკალური ჯგუფები უცხოური თვალით გამოიყურებიან უკიდურესად ცუდად, მაგრამ ეს ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს”.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ”ბოლო კვირებში ჩვენ ვნახეთ, რომ ქუჩის და ექსტრემიზმის პოლიტიკა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ბარდება წარსულს”. 

პრეზიდენტის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი არ არის არჩევნები, თუნდაც იმის გამო, რომ არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა არ იარსებებს. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე, რომლითაც სააკაშვილი პრეზიდენტად მეორე ვადით იქნა არჩეული, ”ნამდვილად არ ყოფილა გაყალბება”.

”რანაირი პოლიტიკური დაძაბულობის განმუმხტავია არჩევნები? აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ფული უნდა დავხარჯოთ – ის რაც უნდა დაიხარჯოს ტრაქტორებზე, რთველზე და ბევრ სხვა რაღაცაზე – უნდა დავხარჯოთ პოლიტიკოსების კამპანიაზე,”- განაცხადა მან, ”არჩევნები უბრალოდ საბაბია იმისათვის, რომ ქვეყანა არიო და ბევრი ფული დახარჯო, ეკონომიკა გააჩერო, საბაბი შექმნა იმისათვის, რომ კიდევ მეტი არეულობა შექმნა, ეს არ არის გამოსავალი არცერთი პოლიტიკური სიტუაციიდან”.

მისი თქმით, დიალოგის ფორმატში უნდა მიიღწეს ისეთი საარჩევნო სისტემა, როცა ”დავითვლით ხმებს და ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს”.

”ამიტომ გადმოვწიოთ აქეთ ადგილობრივი არჩევნები. ჩავატაროთ ჯერ ადგილობრივი არჩევნები და შევთანხმდეთ, რომ მის შედეგებზე ყველა ვთანხმდებით. მერე შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, როცა კონსტიტუციური ვადა მოუწევს [2012 წელი] ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები და ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ამის შემდეგ,”- განაგრძო მან, ”წინასწარ ვთანხმდებით, რომ აი ამ კონსტიტუციას ყველა ვეთანხმებით, ამ საარჩევნო სისტემას ყველა ვეთანხმებით, ყველანი თანახმა ვართ, რომ ეს დამკვირვებლები საკმარისია იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს, მერე პოლიტიკური პროცესის განმუხტვისთვის და გაჯანსაღებისთვის, რა თქმა უნდა, არჩევნებიც არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი”.

მისი თქმით, საქართველოს არსებული გამოწვევების ფონზე სჭირდება ”ძალიან ეფექტური საპრეზიდენტო ინსტიტუტი”.

”მე ვამბობ ამას ადამიანი, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო ვადაში იმყოფება და ნამდვილად ამას ჩემთვის არ ვიმზადებ, გვჭირდება ძალიან ეფექტური საპარლამენტო ინსტიტუტი, გვჭირდება ძლიერი პარლამენტი… და ჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ვითარდება საქართველოში უფრო ნელა, ვიდრე ჩვენ ვისურვებდით,”- განაცხადა მან იმ წინადადებებზე საუბრისას, რომელიც ოპოზიციას 11 მაისს შეხვედრისას შესთავაზა.

სააკაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური ძალების ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა ”რკინიგზას დავკეტავთ, ყველაფერს გავაჩერებთ, ყველაფერს მოვკლავთ, თბილისს მოვკლავთ”, სერიოზულად აღარ აღიქვამს მოსახლეობა, რომელსაც ”არეულობა” და ”დესტაბილიზაცია” არ სურთ.

”მაგრამ რამდენიმე კვირა ამ მოწოდებებს იღებდნენ სერიოზულად და ამან ძალიან დააზარალა არა საქართველოს მთავრობის წევრების კომფორტი, ჩვენ მომთბენნი ხალხი ვართ… და ამას წყნარად ვიტანთ,” განაცხადა სააკაშვილმა, არამედ საქართველოს ეკონომიკა.

”მიუხედავად ამ მცდელობისა, რომ შეექმნათ ვირტუალური რეალობა, რომ ცუდად არის საქმე, ეკონომიკა ასე თუ ისე გამოდის ამ მდგომარეობიდან. თუმცა ძალიან ჩქარა ჩვენ ვერ განვითარდებით იმიტომ, რომ მსოფლიო კრიზისია,”- განაცხადა მან, ”კრიზისმა ჩვენზე მოახდინა ძალიან მძიმე გავლენა, მაგრამ კრიზისი საქართველოში ჯერ არ შემოსულა”.

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას ეყო სიბრძნე და იმ სიტუაციაში, როცა არის გაჭირვება, ” ქვეყნის საუკეთესო ნაწილი არის ოკუპირებული ძალიან აგრესიული და ძალიან საშიში ძალის მიერ და ჩვენ გვყავს ასობით ათასი ლტოლვილი საქართველოში”, არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც ”იგეგმებოდა საქართველოს შიგნიდან და საქართველოს გარედან, ჩვენი არაკეთილმოსურნეების გაკვირვების ფონზე”.

მისი თქმით, იმავდროულად, იყო გათვლა იმაზე, რომ მმართველი პარტიის ერთიანობა შეირყეოდა, მთავრობაში, პოლიციაში, ჯარში გაჩნდებოდა ნაპრალები, მაგრამ ეს ”არ მოხდა”.

მუხროვანის ინციდენტის კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ”მილიონი დოლარი შესთავაზეს” ჯარში განხეთქილების შესატანად რამოდენიმე ”გამყიდველს”, მაგრამ ”მთავარია ეს არავის არ გადაედო”.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის არასოდეს ”ერთპიროვნულ” გადაწყვეტილებებს არ იღებს. ”ხანდახან და ბოლო ხანებში ძალიან ხშირად ჩემს გარეშეც იღებენ გადაწყვეტილებებს და ესეც ნორმალურია,”- აღნიშნა მან.  

Back to top button