skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის ექვს-პუნქტიანი შეთავაზება

9 აპრილის აქციებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალების
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

18 მაისი, 2009 წელი

მიმდინარე წლის 11 მაისს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება სრულიად არაადექვატურად აფასებს ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკურ კრიზისს და ამიტომ შეუძლებელია მასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით პრობლემების მოგვარება. ამასთანავე, შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა ზოგადი მზადყოფნა რამოდენიმე მიმართულებით რეფორმების განხორციელებაზე. ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ კონკრეტულ წინადადებებს ხსენებული მიმართულებებით რეფორმების დასაწყებად. ამ წინადადებების 26 მაისამდე ხორცშესხმის შემთხვევაში შესაძლებელია დაიწყოს ეროვნული თანხმობის მიღწევისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების პროცესი:

1. რეალური ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად:

  • პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა;
  • 2009 წლის შემოდგომაზე სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება;
  • საპარლამენტო არჩევნებთან ერთად თბილისის მერის არჩევნების ჩატარება;

2. საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყებად:

  • კონსტიტუციური ცვლილებების გზით მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღის დადგენა 2009 წლის ოქტომბრისათვის;
  • საპარლამენტო არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება კონსტიტუციური მოწყობის საკითხებზე;

3. სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად:

  • იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებად ოპოზიციასთან შეთანხმებული პირების დანიშვნა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და უშიშროების სხვა ქვედანაყოფების გამოყოფა;

4. სასამართლო რეფორმის დასაწყებად:

  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა ოპოზიციასთან შეთანხმებით;

5. საარჩევნო რეფორმის დასაწყებად:

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა ოპოზიციასთან შეთანხმებით;
  • ცსკო-ს ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საარჩევნო კოდექსის სამუშაო ჯგუფის შექმნა;

6. მედიასივრცის გაჯანსაღების და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის დასაწყებად:

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის და სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნა ოპოზიციასთან შეთანხმებით;
  • მეორე არხის მართვის გადაცემა პოლიტოლოგთა და ექსპერტთა შეთანხმებული ჯგუფისათვის;
  • ტელეკომპანია “იმედის” კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნება;
  • მაუწყებლობის ლიცენზირების ხელოვნური ბარიერების აღმოფხვრა.

მსგავსი/Related

Back to top button