skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: უპასუხისმგებლო განცხადებები ეკონომიკას დარტყმას აყენებს

მიმდინარე საპროტესტო აქციებმა, რომელსაც თან ახლდა ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის ”უპასუხისმგებლო” განცხადებები, სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას ბოლო კვირების მანძილზე, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 15 მაისს.

”გადასახადები დამოკიდებულია სამუშაო ადგილებზე, სამუშაო ადგილები დამოკიდებულია ინვესტიციებზე და როცა ამ პირობებში მუდმივად ისმოდა მუქარა, რომ აი ახლა ჩვენ ავაფეთქებთ ქვეყანას, გადავკეტავთ რკინიგზას, გადავკეტავთ გზას, გადავკეტავთ აეროპორტს, არავის არ შემოვუშვებთ. მე მინდა თითოეული ჩვენგანი დაფიქრდეს – რა ზარალი მოუტანა ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებებმა თითოეული საქართველოს მოქალაქის ჯიბეს, თითოეული ჩვენგანის ბიუჯეტს, ოჯახის ბიუჯეტს, თითოეული ჩვენგანის მომავალს,” – განუცხადა სააკაშვილმა ქართველი ჟურნალისტების ჯგუფს, რომელიც მას ახლავს იორდანიაში, სადაც იგი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.

”კიდევ კარგი დღეს უკვე ამას სერიოზულად აღარავინ აღიქვამს,” – განაგრძო მან. ”მაგრამ თვენახევრის წინ, როცა იძახოდნენ ”ახლა 9 აპირლს ყველაფერი გაჩერდება, ყველაფერი აირევა, აი ახლა ერთ კვირაში ყველაფერს ავურევთ, აი ახლა ყველაფერს დავკეტავთ”. ვის უკეტავთ? ჩვენ ხალხს უკეტავთ? ჩვენ მომავალს, ჩვენს შვილებს უკეტავთ? ვბრუნდებით იმ პერიოდში, როცა რკინიგზა გადაუკეტეთ რუსეთს, აურიეთ ქვეყანა და ყველაფერი აირია, ყველაფერი ჩაეფლო შიმშილში, უბედურებაში, უგაზობაში, უდენობაში. ეს ხომ მრავალი საუკუნის ისტორია არ არის, ეს არის ჩვენი უახლესი ისტორია. და დაახლოებით ზოგიერთი ის ადამიანი, ვინც დღეს ამას ლაპარაკობს, იმაშიც მონაწილეობდა, ყველაფერ იმ უბედურებაში, რაც იყო”.

”ამიტომ, მე ვფიქრობ, კიდევ კარგი, რომ ჩვენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ეყო სიბრძნეც, მოთმინებაც და გამოჩნდა ყველაფერი, რაც ხდება თავის ადგილზე. კიდევ კარგი, მუქარებს უკვე და რყევის რითმებს სერიოზულად აღარავინ იგებს და მთავარი უნდა დარჩეს ის, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ დავკარგეთ დრო, სერიოზული ეკონომიკური ზიანი მოგვადგა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ახლა უნდა ავკრიფოთ ტემპი და დავუბრუნდეთ ნორმალურ განვითარებას,” – განაცხადა სააკაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button