
აქციების ორგანიზატორი ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს შეხვდნენ
აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური ძალების სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა დღეს ნინო ბურჯაძესთან, ირაკლი ალსანიასთან, დავით უსუფაშვილთან და სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.
”ჩვენ გაუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები პრეზიდენტთან [11 მაისის] შეხვედრასთან დაკავშირებით, ავუხსენით, თუ რაზე იყო იქ საუბარი, რა შესაძლებლობას ვხედავთ ამ მოლაპარაკებების გაგრძელების, რატომ ვხედავთ იმას, რომ პრეზიდენტი უფრო ადეკვატური უნდა იყოს იმ მოთხოვნებზე, რასაც საზოგადოება უყენებს”- განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, ”რა თქმა უნდა, მათი [დიპლომატების] მხრიდან მხარდაჭერილია ის იდეა, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები”.
”მე კიდევ ერთხელ განვმარტე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წინაშე, რატომ მიმაჩნია, რომ მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომაა ამ ქვეყანაში სტაბილურობის და დემოკრატიულობის გარანტი და ხაზგასმით აღვნიშნე ის, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილურობა და ძალიან მტკივნეულია ნებისმიერი არასტაბილურობის საფრთხე,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა.
რესპუბლიკელების ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დიპლომატები ქვეყნის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევიან, თუმცა ”ისინი მზად არიან გარკვეულ მექანიზმზე იფიქრონ, თუ იქნება რაიმე შეთანხმება [ხელისუფლებასთან], იყვნენ ამ შეთანხმების მონიტორინგში ჩართული”.