ახალი ამბები

სახალხო დამცველი მუხროვანის ინციდენტის გამო დაკავებულთა ”წამებაზე” საუბრობს

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს შეისწავლოს 5 მაისს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პირების მიმართ ”წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები”.

სოზარ სუბარის განცხადებით, 11-12 მაისს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა თბილისის N8 საპყრობილეში და შსს-ის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს დაკავებულები. მათგან მხოლოდ ხუთმა პიროვნებამ  – აკაკი აფციაური, ნიკოლოზ ბიბილაშვილი, თემურ მელიქიძე, სანდრო ვეშაგური და ნუგზარ ოთანაძე  – მისცა ჩვენება სახალხო დამცველის თანამშრომლებს ”დაკავების შემდეგ მათი ცემის შესახებ”.

”მინდა დავადასტურო, რომ ყველა ამ ადამიანს აღენიშნება ძალიან სერიოზული დაზიანებები და აშკარად ჩანს წამების ნიშნები ზოგიერთ შემთხვევაში,” – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოზარ სუბარმა. ”მე მინდა შეშფოთება გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში აშკარად შეიმჩნევა, რომ ის მიღწევა, რაც იყო ამ წლების განმავლობაში, რომ წამების ფაქტებმა და დაკავებულთა ცემის ფაქტებმა იკლო, მთლიანად გადაიხედა ეს პრაქტიკა და სახელმწიფო გადავიდა ისევ ცემისა და წამების პრაქტიკაზე”.

დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცახდება მუხროვანის ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების ცემისა და წამების შესახებ.

”დაკავებულ პირთა ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობის შესახებ გაფორმებულია სათანადო ოქმიც”, – ნათქვამია 13 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმავდროულად, სახალხო დამცველმა გააკრიტიკა პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციური პარტიების მიმართ, გამოცხადდეს მორატორიუმი საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიებასა და სამართლებრივ დევნაზე. მისი თქმით, ”ამგვარი მორატორიუმები დამახასიათებელია ავტოკრატიული ქვეყნებისთვის”.

”კატეგორიულად ვაცხადებ – არც ერთ პიროვნებას და მითუმეტეს, საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის დაცვის გარანტი, არ აქვს უფლება თავის პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმებით თუ გარიგებით მორატორიუმი გამოაცხადოს კანონის აღსრულებაზე და დამნაშავეთა დასჯაზე”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, კრიზისის სათავე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ ისჯებიან დამნაშავეები, ან ხშირ შემთხვევაში კანონი მოქმედებს მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე, ”ხოლო როცა ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ კანონს და არღვევენ ადამიანის უფლებებს, მათთვის არსებობს 100%-იანი მორატორიუმი და 100%-იანი ტოლერანტობა ნებისმიერ დანაშაულზე”.

Back to top button