
ხელისუფლება მზადაა გააგრძელოს დიალოგი – ბაქრაძე
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 13 მაისს განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა განაგრძოს დიალოგი ოპოზიციასთან, თუმცა აღნიშნა: ”ძალიან სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, რადიკალურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა პრეზიდენტთან შეხვედრა გამოეყენებინა მხოლოდ სიტუაციის ესკალაციისთვის და პროცესების კიდევ უფრო რადიკალიზაციისთვის”.
”ერთადერთი პასუხი გახლავთ ის რადიკალური განცხადებები, რომელიც ყველამ მოვისმინეთ განვლილი ორი დღის განმავლობაში,”- განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს, ”მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ ვეცადოთ ყველა უთანხმოება გადავჭრათ დიალოგის გზით, გრძელვადიანი რეფორმების და იმ პოლიტიკური პროცესების გზით, რომელიც, პირველ რიგში ამ ქვეყანას და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკოსს წაიყვანს უკეთესობისკენ და საქართველოს მოსახლეობას შეუქმნის უკეთეს მომავალს”.
მან ასევე განაცხადა, რომ ის წინადადებები, რომელიც პრეზიდენტმა ოპოზიციას შესთავაზა, უნდა შესრულდეს.
”ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამის ნაცვლად, ამ პროცესიდან რეალურად ისევ ცდილობენ ემოციების დაძაბვას,”- განაცხადა მან, ”ვიმედოვნებთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ან მისი ნაწილი მაინც დათანხმდება ინსტიტუციონალურ რეფორმებს”.
მან ეს განცხადება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე გააკეთა.