ახალი ამბები

ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აქციების გამწვავებისკენ მოუწოდებს

ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობამ 11 მაისს, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას ეს მოლაპარაკებები შეაფასა და აქციების გამწვავებისკენ და მისი გეოგრაფიის გაფართოებისკენ მოუწოდა. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა ასევე მოუწოდა აქციების პარალელურად შემდგომი მოლაპარაკებების გამართვისკენ.

11 მაისს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციის ოთხმა ლიდერმა – სალომე ზურაბიშვილმა, ირაკლი ალასანიამ, ლევან გაჩეჩილაძემ და კახა შარტავამ. მას შემდეგ, რაც თავიანთ პარტნიორებს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გააცნეს, მათ მომიტინგეებს მიმართეს.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა მომიტინგეებს, რომ შეხვედრის შედეგად ნათელი გახდა, რომ სააკაშვილი ”ვირტუალურ რეალობაში ცხოვრობს” და ხელისუფლება იმასაც კი არ აღიარებს, რომ ქვეყანა კრიზისში იმყოფება. 

”თვითონაც [ხელისუფლებას] ჰგონიათ, რომ ის რასაც ფიქრობენ არის რეალობა და სხვა რეალობას ვეღარ ხედავენ. სრულიად ვირტუალური გახდა მიშა. ომი თურმე მოვიგეთ და ომი გრძელდება – ეს მაჩვენებელი არის მისი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური განწყობის,” – განაცხადა ზურაბიშვილმა. ”მათი გაგებაა, რომ ჩვენ, ოპოზიციამ შევქმენით ხელოვნურად 9 აპრილის კრიზისი, რომელიც არ არსებობს, მოგიყვანეთ [მიმართავს მომიტინგეებს] აქ, გამოგიყენეთ თქვენ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მათი ადგილების ან მთლიანად ან ნაწილობრივ დაკავება. ამაში არიან მთლიანად დარწმუნებულები და მე პირადად ამაში არ გამაჩნია იმის უნარი, რომ ისინი გადავარწმუნო. ჩემი და მათი დიალოგი ალბათ დღეს დამთავრდა”.

თუმცა, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა აქციაზე, რომ ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს დიალოგი, მიუხედავად იმისა, თუ ”რამდენად არაადექვატურია” ხელისუფლება.

”მიუხედავად იმისა ვიცოდით სად მივდიოდით და ვისთან მივდიოდით, ჩემი განცდა მაინც ასეთია: რამდენჯერაც არ უნდა დასჭირდეს საქართველოს, თუგინდ არაადეკვატურ ხალხთან ლაპარაკი, მსოფლიოს დასანახად ეს არის მუდმივად ჩვენი იარაღი,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ. ”დღევანდელი დღიდან ჩვენ ყველა უფლება ლეგიტიმური, სამოქალაქო გვაქვს, რომ ჩვენი აქციები კიდევ უფრო გავამწვავოთ, მისი გეოგრაფია გავზარდოთ და რაც შეიძლება ბევრი ქართველი თუ არაქართველი საქართველოს მოქალაქე გავხადოთ ამის თანამონაწილე”.

”მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებლობის გამო ქვეყანა მიემართება დაპირისპირებისაკენ, ესკალაციისაკენ – ეს ესკალაცია არის და იქნება ხალხს და პოლიციურ რეჟიმს შორის. რეპრესიული აპარატი არა მარტო პოლიცია, არამედ მე კონტროლირებად მედიასაც რეპრესიულ აპარატს ვეძახი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავიდეს ქართველი ხალხის ხელში და ეს ძალიან მალე მოხდება,” – დასძინა მან.

თავის ხანმოკლე გამოსვლაში ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ შეხვედრა, რომელიც ”დასრულდა შედეგის გარეშე”, არ უნდა გახდეს ”იმედგაცრუების” საფუძველი. 

”იმიტომ, რომ დღეს ყველანი ისევ ერთად ვდგევართ და გამოსავლის გზებს ვეძებთ,” – განაცხადა მან. ”ლევან გაჩეჩილაძე მართალია, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ კიდევ ისევ დაველაპარაკებით ნებისმიერ ადამიანს, თუ ეს ქვეყანას დასჭირდება”.

”ჩვენ შეთავაზებაზე, ბუნებრივია, უარი იყო გადადგომასთან დაკავშირებით, მაგრამ იყო ისეთი საკითხები, რომლის შესახებაც ჩვენ კვლავ უნდა გავაგრძელოთ არა მარტო ყოველდღიური ბრძოლა, სანამ მიხეილ სააკაშვილი დატოვებს თანამდებობას, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის გადადგომამდე მედია როგორ უნდა იყოს თავისუფალი და როგორ უნდა ჩადგეს საზოგადოების სამსახურში, უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები, რომელთაც ამ დღეებში უდიდესი ფიზიკური ტრავმა მიაყენეს, როგორ უნდა იყვნენ დაცულები,” – განაცხადა მან.

ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ განუცხადა მომიტინგეებს, რომ ”ცინიკურია”, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა უთხრა მათ, რომ ”არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”.

”დღევანდელი შეხვედრის მერე მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორია და მართალი ის, რომ ქუჩაში ვართ, მაგრამ ვინაიდან ვერ ამჩნევენ სახელმწიფოებრივ კრიზისს, ეს კრიზისი უნდა გამოვააშკარაოთ, რათა ყველამ კარგად დაინახოს,” – განაცხადა მან.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებაში იყო გარკვეული მოლოდინები პრეზიდენტთან შეხვედრის მიმართ.

”დიდი მოლოდინი იყო მაინც დიალოგისაა, მოლაპარაკებებისა, იმ პროცესისა, რომლის უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე არასდროს არ მჯეროდა. სააკაშვილი არ არის მზად გადადგას ის ნაბიჯი, რომელსაც ხალხი ითხოვს მისგან და იცით რატომ არ არის მზად? იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი მწვავეები, ისეთი რადიკალურები როგორიც უნდა ვიყოთ, რათა მას კარგად დავანახოთ ხალხის განწყობა, თქვენი და ჩვენი პრინციპულობა, რომ ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ,” – განაცხადა გამყრელიძემ.

”შემდეგი შეხვედრა თუ გაიმართა, უნდა წარიმართოს მრავალათასიანი მიტინგის ფონზე და მაშინ მიხვდება, შეშინდება და გადადგება და გადადგამს იმ ნაბიჯს, რასაც თქვენ ითხოვთ მისგან,” – განაგრძო მან. ”ეს ადამიანი არ გვიტოვებს არავის საშუალებას, რომ კონსტრუქციულად ვიმოქმედოთ და დავასრულოთ მისი ”მეფობის” ხანა საქართველოში. მან დღეს გვითხრა ან წადით სახლში, ან არადა თუ თავი გაქვთ აბა მომერიეთო”.

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა მომიტინგეებს, რომ ”სწორი იყო ეს შეხვედრა რომ შედგა, თუმცა დღეს ამ შანსის გამოყენების მცდელობის შემდეგ პრეზიდენტმა თითი დაგვიქნია”.

”ჩვენ პრაქტიკულად ხვალიდან უნდა გადავიდეთ ძალიან აქტიურ ქმედებებზე იმისათვის, რომ გამოვაფხიზლოთ და კარგად შევაჯანჯღაროთ ეს ხელისუფლება. გზებსაც გადავკეტავთ, რაიონებშიც წავალთ, ქუდზე კაცს დავუძახებთ… ჩვენ ფეხდაფეხ მოვივლით მთელ საქართველოს, ჩვენ აქტიურად ვიმოქმედებთ. ჩვენ ყველაფერს თავ-თავის დროზე გავაკეთებთ. სააკაშვილს კიდევ აქვს შანსი, რომ წავიდეს და უთხრას ხალხს რომ თავის სკამს, ეს ქვეყანა ურჩევნია. არ მჯერა ამისი, მაგრამ მინდა, რომ ცოტა იმედი დავიტოვო… არ დავიწყებთ ლოდინს 2013, 2012, 2011 და 2010 წლამდე,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან განაცხადა აქციაზე, რომ ოპოზიცია დადებს ”დეტალურ სამოქმედო გეგმას”, რომელიც, მისი თქმით, ითვალისწინებს ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვასაც. ოპოზიცია მანამდეც აპირებდა მაგისტრალების გადაკეტვას, თუმცა მუხროვანის ბაზაზე 5 მაისს მომხდარი ინციდენტის და შემდეგ 6 მაისს თბილისის მთავარ სამმართველოსთან პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ეს გეგმა გადადო.

Back to top button