skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებს თანხმდება

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ თანახმა არიან ჩაერთონ საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის პროცესში.

ანალოგიური წინადადებები ხელისუფლებამ დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ცალკე გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა, თუმცა მათ ამ წინადადებებს არაადეკვატური უწოდეს შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად და განაცხადეს, რომ აქციებს კიდევ უფრო გაამწვავებენ. 

”საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა როგორც რადიკალურ ოპოზიციას, ისე საპარლამენტო ოპოზიციას კონკრეტული გეგმა, კონკრეტული საკითხები… მისასალმებელია რომ საპარლამენტო ოპოზიციამ მიიღო ეს წინადადება”, – განაცხადა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომელიც ასევე  ესწრებოდა ორივე შეხვედრას.

ქრისტიან-დემოკრატებისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით,
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანებში ჩამოყალიბდება და მუშაობას დაიწყებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ფართო ოპოზიციური და საზოგადოებრივი წარმომადგენლობით. ამ საკითხზე სამუშაო პროცესი უახლოეს დღეებში დაიგეგმება.

ქრიასტიან-დემოკრატებიდან ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია შეეცდება ქონდეს კონტაქტი არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. ”იმიტომ, რომ კომისიაში უნდა იყოს წარმოდგენილი ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც აქციებს ატარებს. იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ საკმაოდ დიდ ნაწილს ჩვენი საზოგადოების. მათი არ მონაწილეობა ჩვენთვის იქნება ძალიან ცუდი,” – განაცხადა მან. 

გიორგი თარგამაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე  ”ნათლად იქნა ნათქვამი, რომ ხელისუფლება დღეს საერთოდ არ განიხილავს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხს”.  

”თუმცა ჩვენ ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავება თავად განსაზღვრავს ახალ კალენდარს ნებისმიერი დონის ვადამდელი არჩევნებისა,”- განაცხადა მან. 

უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ყველა არჩევნები ჩატარდება თავის ვადებში, ხოლო საპროტესტო აქციებით შედეგი მიღწეული ვერ იქნება. 

”ჩვენ ძალიან ნათლად აუხსენით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ჩვენ გვესმის ქვეყანაში არის გარკვეული პრობლემები,” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. ”მაგრამ ის, რომ საკნებით, ქუჩის აქციებით ისინი შეძლებენ ხელისუფლების დაშანტაჟებას და ამას გამოიყენებენ, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს, ჩვენ ნათლად აუხსენით, რომ ეს ასე არ მოხდება… არჩევნები ჩატარდება თავის ვადებში, როგორც საპარლამენტო ისე ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნებიც”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button