
ოპოზიცია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აქციების გამწვავებაზე საუბრობს
ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობამ დღეს, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას ეს მოლაპარაკებები შეაფასა და აქციების გამწვავებისკენ და მისი გეოგრაფიის გაფართოებისკენ მოუწოდა.
ქვემოთ მოცემულია ფრაგმენტები ლიდერების გამოსვლებიდან:
გუბაზ სანიკიძე, ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი
”ჩვენ უცხოელ მეგობრებს ვაჩვენეთ, რომ სურვილი გვქონდა [მოლაპარაკებების], განწყობა გვქონდა და შედეგზე ორიენტირებული ვიყავით… როცა მეორე მხარეს უპასუხისმგებლო ხალხია, მაშინ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება.
ის წუწუნი, რომ აი რეგიონებში ინფორმაცია არ აქვთ, დამნაშავე ამაში, რა თქმა უნდა, სახელისუფლებო პროპაგანდაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი წილი დანაშაულიც უნდა ავიღოთ და ჩვენ ვაგებინებთ კი მათ რა ხდება თბილისში? ამას ორგანიზებული სახე მიეცემა უკვე. ზეგ, მაზეგ გაჩნდება ახალი კერები. პირველი ადგილი, ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს ბათუმი, შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს ყველა დიდი ქართული ქალაქი და საბოლოო ჯამში, დიდ სოფლებშიც უნდა ჩავიდეთ.
ის [სააკაშვილი] მძევალია თავისი გარემოცვის, ამიტომ ნუ გამორიცხავთ, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ დავიძახოთ: თავისუფლება ამხანაგ სააკაშვილს!
ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა – ეს არის საერთო სახალხო დაუმორჩილებლობა, ეს არის საკომუნიკაციო საშუალებების გადაკეტვა, თუ ვინმე შეწუხდება ამითი, უფრო შეწუხდეს ახალგორზე, კოდორზე, დაღუპულ ბიჭებზე, დაქცეულ საქართველოზე, განადგურებულ ეკონომიკაზე…
ხვალ 5 საათზე კონკრეტულად დროში, ადგილებში გაწერილ. გეგმას მოვიტანთ და ჩვენი დიდი თხოვნაა მოხალისეებმა მიიღონ ამაში მონაწილეობა. თქვენს გარეშე არაფერს არ წარმოვადგენთ, მაგრამ ჩვენს გარეშე ორგანიზებულ წინააღმდეგობას ამ ურჩხულს ვერ გავუწევთ. ბრძოლა გრძელდება ლოგიკურ დასასრულამდე. მიხეილ სააკაშვილის უსამართლო რეჟიმი უნდა დავამთავროთ, სიმშვიდით და სიმტკიცით.
უნდა მოვედოთ მთელ საქართველოს, უნდა გავაგებინოთ რა ხდება ქვეყანაში და დავანახოთ რეალური სურათი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც”.
ლევან გაჩეჩილაძე
”მიუხედავად იმისა ვიცოდით სად მივდიოდით და ვისთან მივდიოდით, ჩემი განცდა მაინც ასეთია: რამდენჯერაც არ უნდა დასჭირდეს საქართველოს, თუგინდ არაადეკვატურ ხალხთან ლაპარაკი, მსოფლიოს დასანახად ეს არის მუდმივად ჩვენი იარაღი.
დღევანდელი დღიდან ჩვენ ყველა უფლება ლეგიტიმური, სამოქალაქო გვაქვს, რომ ჩვენი აქციები კიდევ უფრო გავამწვავოთ, მისი გეოგრაფია გავზარდოთ და რაც შეიძლება ბევრი ქართველი თუ არაქართველი საქართველოს მოქალაქე გავხადოთ ამის თანამონაწილე.
დღეს ჩვენ მეორე მხარეს ვერანაირი ნიშანწყალი ვერ დავინახეთ, რომ მზაობა იყო მეორე მხარეს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლისა….
ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი დიდძალი რაოდენობა [ხალხის] უნდა ვანახოთ კიდევ ერთხელ მთელ მსოფლიოს იმიტომ, რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი და ამას მისი [სააკაშვილის] გადადგომის გარდა, ვერაფერი ვერ შეაჩერებს.
მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებლობის გამო ქვეყანა მიემართება დაპირისპირებისაკენ, ესკალაციისაკენ – ეს ესკალაცია არის და იქნება ხალხს და პოლიციურ რეჟიმს შორის. რეპრესიული აპარატი არა მარტო პოლიცია, არამედ მე კონტროლირებად მედიასაც რეპრესიულ აპარატს ვეძახი, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავიდეს ქართველი ხალხის ხელში და ეს ძალიან მალე მოხდება”.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს გზის ლიდერი
”მიდიოდა ძალიან აბნეულ-დაბნეული საუბარი [პრეზიდენტთან შეხვედრაზე]…
თვითონაც [ხელისუფლებას] ჰგონიათ, რომ ის რასაც ფიქრობენ არის რეალობა და სხვა რეალობას ვეღარ ხედავენ. სრულიად ვირტუალური გახდა მიშა. ომი თურმე მოვიგეთ და ომი გრძელდება – ეს მაჩვენებელი არის მისი ფსიქოლოგიური და პოლიტიკური განწყობის.
ვუთხარი, რომ კარგი, ეს გზა გადადგომის არის ამ ერთი [საზოგადოების] დიდი ნაწილის გზა და არა ყველასი, ვთქვათ ამაზე ვთანხმდებით, მაშინ გავიდეთ არჩევნებზე და ვნახოთ ვინ არის მართალი, მაგრამ ამისთვის საჭირო არის, რომ მერაბიშვილები, ახალაიები, კოდუები – ესენი ყველანი მოშორდნენ იმ ინსტიტუტებს, რისი ნდობაც აღარ არსებობ…
ეს არის დიალოგის ლიმიტი და დიალოგი რითი მთავრდება ბოლოს – ეს ძალიან მძიმე და ძნელი დიალოგი, ძნელი იმიტომ, რომ დამთრგუნველია, როცა ხედავ რომ ამასთან რეალურად შეხების წერტილი ვერ მოინახება ვერც დღეს და ალბათ ვერც ვერასდროს, მთავრდება იმითი, რომ ლექციას გვიკითხავს, თუ როგორ ყველას ჩვენ გაგვაჩნია შანსი, თუ მივხვდებით დროზე და ჩავებმებით პროცესში, რომ გავხდეთ კარგი გიორგი თარგამაძეები. ეს არის რაც შემოგვთავაზა, რაღაცა ადგილები რაღაცა კომისიები. მე არ მიყვარდა ადრე გიორგი თარგამაძე, მაგრამ ახლა კარგად ვართ აწყობილებიო, თუ არაო 2013 წელში იმას ექნება შანსი, რომ გახდეს პრეზიდენტი და თქვენ არაფერიო.
მათი გაგებაა, რომ ჩვენ, ოპოზიციამ შევქმენით ხელოვნურად 9 აპრილის კრიზისი, რომელიც არ არსებობს, მოგიყვანეთ [მიმართავს მომიტინგეებს] აქ, გამოგიყენეთ თქვენ იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა მათი ადგილების ან მთლიანად ან ნაწილობრივ დაკავება. ამაში არიან მთლიანად დარწმუნებულები და მე პირადად ამაში არ გამაჩნია იმის უნარი, რომ ისინი გადავარწმუნო. ჩემი და მათი დიალოგი ალბათ დღეს დამთავრდა”.
ირაკლი ალასანია, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი
”დღევანდელი შეხვედრა, რომელიც დასრულდა შედეგის გარეშე, იმედგაცრუების დიდ საფუძველს არ უნდა იძლეოდეს, იმიტომ, რომ დღეს ყველანი ისევ ერთად ვდგევართ და გამოსავლის გზებს ვეძებთ.
თუ საქართველოს სჭირდება, კიდევ დაველაპარაკებით…
ჩვენ შეთავაზებაზე, ბუნებრივია, უარი იყო გადადგომასთან დაკავშირებით, მაგრამ იყო ისეთი საკითხები, რომლის შესახებაც ჩვენ კვლავ უნდა გავაგრძელოთ არა მარტო ყოველდღიური ბრძოლა, სანამ მიხეილ სააკაშვილი დატოვებს თანამდებობას, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის გადადგომამდე მედია როგორ უნდა იყოს თავისუფალი და როგორ უნდა ჩადგეს საზოგადოების სამსახურში, უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ჩვენი მხარდამჭერები, რომელთაც ამ დღეებში უდიდესი ფიზიკური ტრავმა მიაყენეს, როგორ უნდა იყვნენ დაცულები”.
კახა შარტავა, ეროვნული ფორუმის ლიდერი
”დღევანდელი შეხვედრის მერე მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორია და მართალი ის, რომ ქუჩაში ვართ, მაგრამ ვინაიდან ვერ ამჩნევენ სახელმწიფოებრივ კრიზისს, ეს კრიზისი უნდა გამოვააშკარაოთ, რათა ყველამ კარგად დაინახოს”.
ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი
”რუსთაველის [გამზირის] აქცია არ არის ეს. აქ არის სრულიად საქართველო.
სწორი იყო ეს შეხვედრა რომ შედგა, თუმცა დღეს ამ შანსის გამოყენების მცდელობის შემდეგ პრეზიდენტმა თითი დაგვიქნია…
ჩვენ პრაქტიკულად ხვალიდან უნდა გადავიდეთ ძალიან აქტიურ ქმედებებზე იმისათვის, რომ გამოვაფხიზლოთ და კარგად შევაჯანჯღაროთ ეს ხელისუფლება. გზებსაც გადავკეტავთ, რაიონებშიც წავალთ, ქუდზე კაცს დავუძახებთ… ჩვენ ფეხდაფეხ მოვივლით მთელ საქართველოს, ჩვენ აქტიურად ვიმოქმედებთ.
ჩვენ ყველას გვეშინია ამ ქვეყანაში არასტაბილურობის, არავის არ უნდა ამ ქვეყანაში სისხლი, რომელიც სააკაშვილმა უკვე დაღვარა. მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ სააკაშვილმა მოჩვენებითი სიმშვიდე და სტაბილურობა შექმნას ამ ქვეყანაში.
ჩვენ ყველაფერს თავ-თავის დროზე გავაკეთებთ. სააკაშვილს კიდევ აქვს შანსი, რომ წავიდეს და უთხრას ხალხს რომ თავის სკამს, ეს ქვეყანა ურჩევნია. არ მჯერა ამისი, მაგრამ მინდა, რომ ცოტა იმედი დავიტოვო… არ დავიწყებთ ლოდინს 2013, 2010 წლამდე”.
დავით გამყრელიძე, ახალი მემარჯვენეების ლიდერი
”დიდი მოლოდინი იყო მაინც დიალოგისაა, მოლაპარაკებებისა, იმ პროცესისა, რომლის უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე არასდროს არ მჯეროდა.
სააკაშვილი არ არის მზად გადადგას ის ნაბიჯი, რომელსაც ხალხი ითხოვს მისგან და იცით რატომ არ არის მზად? იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი მწვავეები, ისეთი რადიკალურები როგორიც უნდა ვიყოთ, რათა მას კარგად დავანახოთ ხალხის განწყობა, თქვენი და ჩვენი პრინციპულობა, რომ ამ საქმეს ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ.
შემდეგი შეხვედრა თუ გაიმართა, უნდა წარიმართოს მრავალათასიანი მიტინგის ფონზე და მაშინ მიხვდება, შეშინდება და გადადგება და გადადგამს იმ ნაბიჯს, რასაც თქვენ ითხოვთ მისგან.
ეს ადამიანი არ გვიტოვებს არავის საშუალებას, რომ კონსტრუქციულად ვიმოქმედოთ და დავასრულოთ მისი ”მეფობის” ხანა საქართველოში. მან დღეს გვითხრა ან წადით სახლში, ან არადა თუ თავი გაქვთ აბა მომერიეთო.
რა დიალოგზე ვსაუბრობთ ხალხნო. თქვენ გჯერათ დიალოგის? არც მე არ მჯერა და თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ ვიღაცას დავუმტკიცოთ, რომ ამის რესურსი გვაქვს, კი ბატონო, დავუმტკიცოთ.
მე მაინტერესებს იმ ოპოზიციას, ვისაც საპარლამენტო ოპოზიცია ჰქვია, არის თუ არა დღეს კრიზისი ქვეყანაში? მართავს თუ არა სააკაშვილი ნორმალურად საქართველოს? დამარცხდა თუ გაიმარჯვა სააკაშვილმა აგვისტოს ომში? დაკარგა თუ დაიბრუნა ტერიტორიები მიხეილ სააკაშვილმა?”
მისი თქმით, მოლაპარაკება არ სჭირდება იმას, რომ ტელეკომპანია ”იმედი” დაუბრუნდეს პატარკაციშვილის ოჯახს, დათხოვნილ იქნას შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი.