
სააკაშვილი პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაესწრო
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა პრაღაში, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ევროპის ”ძალიან ღირსეული პასუხი” აგვისტოს ომზე, თუმცა ”შესაძლოა ცოტა დაგვიანებულიც”.
სააკაშვილი სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას და უკრაინის ლიდერებთან ერთად პრაღაში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს უმასპინძლა. ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა ევროკავშირის უფრო ახლო ურთიერთობების დამყარებას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. ბელარუსს და მოლდოვას სამიტზე ვიცე-პრემიერები წარმოადგენდნენ.
”ჩვენ ვხვდებით ევროკავშირის სივრცის ინსტიტუციონალური ნაწილი. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოეს პერიოდში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შანსი გვეძლევა. ე.ი. საშუალება მოგვეცემა ევროპაში 2-3 ჯერ მეტად გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, ვიდრე დღეს გაგვაქვს. ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. ამასთან, იმ ფულის გარდა, რომელსაც ვიღებთ, საქართველოს დასახმარებლად დამატებით კიდევ ასობით მილიონი წამოვა. იმედია, წელსვე გამარტივდება სავიზო რეჟიმი და ევროპაში შესვლა ბევრად უფრო მარტივად შეგვეძლება. ქართველებს ბარიერი აღარ ექნებათ ევროკავშირში შესასვლელად და ევროპაში სამოგზაუროდ საელჩოების გრძელ რიგებში დგომა და მუდმივი დამცირება აღარ მოუწევთ. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვნი წინგადადგმული ნაბიჯი,” – განუცხადა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს 7 მაისს პრაღაში.
”იმ პირობებში, როდესაც საქართველოში უნდა იყოს სტაბილურობა და გაგრძელდეს განვითარება, ჩვენ ვხდებით ახალი სივრცის ნაწილი. ჩვენ დსთ-დან გამოვედით და ახლა შევდივართ იქ, სადაც ბევრად დიდი ბაზარი, მეტი კეთილდღეობა და პერსპექტივებია. ეს არის ევროპის საერთო სივრცე,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)