ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილზე თავდასხმა აღკვეთილია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 მაისს განაცხადა, რომ აღკვეთილია შინაგან საქმეთა მინისტრზე ვანო მერაბიშვილზე თავდასხმა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გია ყარყარაშვილმა მიაწოდა სამინისტროს.

”შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ბატონ გიორგი ყარყარაშვილს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამო,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ”დაკავებულია საქართველოს მოქალაქე კობა მელიქიძე”.

შსს-მ ეს განცხადებას მას შემდეგ გაავრცელა, რაც ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას მხარდამჭერმა გია ყარყარაშვილმა, რომლის გვარმაც ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად გაიჟღერა ჩაშლილი სამხედრო ამბოხების კონტექსტში, განაცხადა, რომ მან ინფორმაცია მიაწოდა შსს-ს მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ.

ყარყარაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სამი კვირის წინ მასთან მივიდა პირი, რომელმაც აცნობა, რომ მზადდებოდა ჯგუფი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ლიკვიდაციისთვის.  მისი თქმით, ამ ინფორმაციის შესახებ აცნობა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს, ხოლო ამ პირთან საუბარი ფარული კამერით გადაიღო. ეს ჩანაწერი დღეს სტუდია ”მაესტრომ” გაუშვა.

”ეს ადამიანი გავუგზავნე ვანო მერაბიშვილს და [სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსს] ირაკლი კოდუას, რომ გამოეკვლიათ და მიეღოთ სათანადო ზომები, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა,”- განაცხადა ყარყარაშვილმა შსს-ის მიერ განცხადების გამოქვეყნებამდე.

ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლებას თავისი ”მორალური სახე” დაანახა.

მოგვიანებით, მან ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ კიდევ გააჩნია ფარული ჩანაწერები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნებს, თუმცა ჩანაწერების შინაარსზე არ მიუნიშნებია.

Back to top button