ახალი ამბები

სემნები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები პარასკევს საღამოს ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ შუამავლის ოფიციალური როლი არ აკისრია, 9 აპრილის საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ სემნები ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების სერიას აწარმოებს. 

”როგორც ადრე განვაცხადეთ, მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, როგორც საქართველოს მეგობრისა და პარტნიორისთვის, რომ ის სიტუაცია, რომელიც აქ ქუჩებში გვაქვს, პოლიტიკურ პროცესში გარდაიქმნას; ეს იქნება საუკეთესო ქვეყნისთვის,” – განაცხადა სემნებიმ შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრას ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ესწრებოდნენ ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი  ალიანსი საქართველოდან, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე,  საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა.

”ჩვენ დავსით 10 დღის წინ მოთხოვნა შეხვედრის სააკაშვილთან, იმისთვის რომ ჩვენი მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ მივაწოდოთ მას და აუვხსნათ არგუმენტირებულად თუ რატომ მოითხოვს ქართველი ხალხი მის გადადგომას და ჩვენ ამ პასუხს შეხვედრაზე ველოდებით 10 დღეა,” – განაცხადა ზურაბიშვილმა, ”ჩვენ ვართ მზად და მოვითხოვეთ და ველოდებით სააკაშვილისგან, რომ თუ არ ლაპარაკობს თავის ხალხთან ილაპარაკოს იმ ოპოზიციის ნაწილთან, რომელიც იქნება ამორჩეული ჩვენს შორის და მივა მასთან და საჯაროდ დაუჯდება, რომ უთხრას რატომ უნდა გადადგეს და მზად ვართ ასევე, რომ მოვისმინოთ მისი მხრიდან მისი პასუხები და მისი არგუმენტები ან მისი თხოვნები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს ეს პროცესი.”.

ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის პოზიცია უცვლელი რჩება და მას მხოლოდ ერთი საკითხი აქვს დღის წესრიგში და ეს საკითხია პრეზიდენტის გადადგომა. ”ჩვენ სხვა წინაპირობა არ გაგვაჩნია,” – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button