ახალი ამბები

ხელისუფლება აცხადებს, რომ სერიოზულ ინსტიტუციონალურ რეფორმებს გეგმავს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 1 მაისს განაცხადა, რომ ხელისუფლება უახლოეს დღეებში გეგმავს სერიოზული ინსტიტუციონალური რეფორმების დაწყებას და მოუწოდა ოპოზიციას ჩაერთოს ამ პროცესში.

მეცნიერებთან შეხვედრის დაწყებამდე მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ოპოზიციამ უახლოეს დღეებში უნდა გააკეთოს არჩევანი სურთ თუ არა მათ ამ პროცესებში მონაწილეობის მიღება.

”უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში ჩვენ დავიწყებთ ძალიან სერიოზულ ინსტიტუციონალურ, სისტემურ და პოლიტიკურ რეფორმებს ამ ქვეყანაში ოპოზიციის იმ ნაწილთან ერთად, ვისაც სურს მართლაც სერიოზულ რეფორმებში მონაწილეობის მიღება და საზოგადოებასთან ერთად,”- განაცხადა მან, ”ამიტომ, თუ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს ნამდვილად სურთ დიალოგი და არა მხოლოდ ამ სიტყვის გამოყენება, მე მათ მოვუწოდებ უახლოეს დღეებში გააკეთონ არჩევანი სურთ თუ არ სურთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციონალურ, დემოკრატიულ რეფორმებში მონაწილეობა”.

მან ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები კვლავ ულტიმატუმის ენით საუბრობენ დიალოგზე ითხოვენ რა პრეზიდენტის გადადგომას.

”მისასალმებელია, რომ რადიკალური ოპოზიციის ლექსიკაში გაჩნდა სიტყვა დიალოგი, თუმცა ნამდვილად სამწუხაროა, რომ ამ სიტყვის უკან დგას იგივე ულტიმატუმი, რასაც ჩვენ ვისმენთ რამდენიმე თვის მანძილზე,”- განაცხადა მან, ”ეს დიალოგის შემოთავაზება ნამდვილად არ არის”. 

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ამ შეთავაზების საპასუხოდ განაცხადა, რომ აზრი არ აქვს სისტემურ ცვლილებებზე დიალოგს. ”ეს საკითხები გადაწყდება მხოლოდ ერთი ადამიანის გადადგომით იმიტომ, რომ ის არის სისტემის თავი. ამიტომ ჩვენ ვრჩებით ერთი მოთხოვნით, რომ დაიწყოს დიალოგი იმ ერთ მოთხოვნაზე, რასაც ჰქვია მიშა სააკაშვილის გადადგომა,”- განაცხადა მან 1 მაისს.

ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მის პოლიტიკურ ძალას დიალოგის დაწყების კონკრეტულ თარიღთან და ფორმატთან დაკავშირებით მმართველი პარტიიდან ჯერ-ჯერობით არანაირი წინადადებები არ მიუღია.

ქრისტიან-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად მონაწილეობდნენ ხელისუფლებასთან დიალოგის იმ ფორმატში, რომელიც 9 აპრილამდე დაიწყო სასჯელაღსრულების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მონაწილეობით. თუმცა ეს ფორმატი, აპრილის აქციების დაწყების შემდეგ არ განახლებულა.

”ჩემი მოლოდინია, რომ ისევ ამ ფორმატით გაგრძელდება დიალოგი, რაც იყო 9 აპრილამდე,”- განუცხადა ვეფხვაძემ 1 მაისს Civil.ge-ს, ”თუმცა, თუ ამაში დავით ბაქრაძე ჩაერთვება, ეს ამ პროცესს მეტ წონას შემატებს”.

ვეფხვაძის განცხადებით, იმავდროულად მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე განხილულია მხოლოდ საარჩევნო სიებთან დაკავშირებული საკითხები.

მან ასევე განაცხადა, რომ ქრისტიან-დემოკრატების წინადადებაა საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელიც კონსტიტუციის უფრო დაბალანსებულ ახალ მოდელს შეიმუშავებს, მათ შორის განიხილება  საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი, როდესაც პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს.

”ჩვენი წინადადებაა, რომ ახალი კონსტიტუციური მოდელი გავიდეს რეფერენდუმზე და მხარდაჭერის შემთხვევაში, ახალი კონსტიტუციური ვადებით დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები და ახალმა პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი,”- განაცხადა ვეფხვაძემ, ”ეს პროცედურა მაქსიმუმ 2010 წლის გაზაფხულამდე შეიძლება გაგრძელდეს”.

Back to top button