
”იმედის” ყოფილი ოფიციალური მფლობელი მზადაა სასამართლოს ან პარლამენტს ჩვენება მისცეს
ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილმა ოფიციალურმა მფლობელმა გიორგი ჯაოშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა ”იმედისა” და ”მთაწმინდის პარკის” შესახებ ოფიციალური ჩვენება მისცეს სასამართლოს ან პარლამენტის ანტიკრიზისულ საბჭოს, თუ ეს უკანასკნელი იშუამდგომლებს დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
”თვეების მანძილზე ვერ შევძელი სარჩელი აღმეძრა სასამართლოში ამ უკანონობასთან დაკავშირებით. არადა, გამაჩნია კონკრეტული ბრალდებები, კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ, რომლებმაც არსებითად ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული,”- აცხადებს ჯაოშვილი 20 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, სადაც მაღლჩინოსნების გვარების დასახელებისაგან თავს იკავებს.
გოგი ჯაოშვილი, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ახლო მეგობარი იყო, ფლობდა 70%-ს კომპანია JMG-ში. ეს კომპანია I-Media-ს აქციების 65%-ის მფლობელია, ეს უკანასკნელი კი ტელეკომპანია ”იმედის” 100%-იანი დამფუძნებელი და მფლობელია. ჯაოშვილი ასევე იყო I-Media-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ჯაოშვილმა, რომელიც საქართველოდან წასულია, ”იმედის” გასხვისების შესახებ დუმილი 2008 წლის 10 დეკემბერს დაარღვია, როცა მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი აიძულა ხელისუფლებამ დაეთმო აქციები და ასევე უარი ეთქვა I-Media-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობაზე.
”მე არ მქონდა საშუალება ზემოთ დასახელებულ ბრიფინგზე ძალადობის ყოველ ასპექტს შევხებოდი,”- აცხადებს ჯაოშვილი, ”მე არ მოვითხოვ არანაირ გარანტიას ჩემი უსაფრთხოების თაობაზე. ვითხოვ მხოლოდ ერთს – მომეცეს საშუალება სასამართლოში (ან პარლამენტში) ჩვენების მისაცემად”.
ჯაოშვილის თქმით, მის მიერ ამ განცხადების გაკეთება განაპირობა იმან, რომ უკანასკნელ დღეებში ” აქტუალური გახდა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მოწოდება ხელისუფლებისადმი – დაუბრუნდეს ”იმედი” კანონიერ მესაკუთრეს”; ასევე ამ მოწოდებაზე ხელისუფლების პასუხმა, რომ ეს არის ”საოჯახო დავა” და რომ ”მას არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლების სურვილთან – დაუბრუნოს ან არ დაუბრუნოს ტელეკომპანია მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მემკვიდრეებს”.