Placeholder canvas
ახალი ამბები

ოპოზიცია ’მოკრძალებულ’ აქციებს განაგრძობს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ოპოზიცია თავშეკავებულ აქციებზე გადადის და მომავალი კვირიდან აქციებისთვის ახალი მუხტის შეძენას გეგმავს.

პარლამენტის წინ 17 აპრილს მცირე მასშტაბიანი აქცია გაიმართა; საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ტროტუარზე კვლავ რჩება იმპროვოზორებული საკნები. პრეზიდენტის რეზიდენციის წინ კი ოპოზიციის აქტივისტები კვლავ ათევენ ღამეს კარვებში.

გასულ ღამეს პოლიციამ კონსერვატორული პარტიის წევრი ნიკა კვეზერელი დააკავა. კვეზერელი ყოფილი დეპუტატი და 90-იან წლებში უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო. მან ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წელს განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო რამოდენიმე წელი ციხეშიც გაატარა შეწყალებამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კვეზერელი ეჭვმიტანილია ”ხულიგნობაში იარაღის გამოყენებით”, რომლის დროსაც მან მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა. თავდაპირველად რამოდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ კვეზერელი პოლიციამ მაშინ დააპატიმრა, როდესაც ის იმ ადამიანს მისდევდა, რომელიც იდენტიფიცირებულ იქნა როგორც წინა დღეებში ოპოზიციის აქტივისტებზე ერთ-ერთი თავდასხმელი. თუმცა, 17 აპრილს კვეზერელის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ იგი მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ის მეგობართან შესახვედრად მიდიოდა.          

გასულ ღამეს ასევე მოხდა შეხლა-შემოხლა ოპოზიციის აქტივისტებს და უცნობ მამაკაცს შორის, რომელიც აქტივისტებმა ამოიცნეს, როგორც ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდასხმელად. დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აქტივისტებს თავშეკავებისკენ მოუწოდა, რადგანაც ზოგიერთებმა შესაძლოა შეცდომით ჩათვალონ ვინმე თავდამსხმელად. ”ჩვენ არ უნდა ვუპასუხოთ ძალადობას ძალადობით,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

იმავდროულად, საზოგადოების ერთმა ნაწილმა 17 აპრილს განაცხადა, რომ ქმნიან მოძრაობას ”ერთად”, რომლის მიზანიცაა დემონსტრაციის ადგილებში სიტუაციის მონიტორინგი, რათა აღკვეთონ ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმების შემთხვევები.

16 აპრილს ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ისინი იძულებული იქნებიან საკუთარი თავი თავად დაიცვან, თუ პოლიცია კვლავ განაგრძოს ოპოზიციის აქტივისტებზე და მხარდამჭერებზე თავდასხმების იგნორირებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას. მან ასევე განაცხადა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება და ქაოსი 90-იან წლებში თბილისში გასამხედროებული ჯგუფების გაჩენის შემდეგ დაიწყო.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეუთოში ვიქტორ დოლიძემ, რომელიც ამჟამად ალიანსი საქართველოსთვის წევრია, განაცხადა 17 აპრილს, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ნათლად განაცხადეს, რომ გასამხედროებული ჯგუფების შექმნა არ იგეგმება. ”რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფების შექმნა რათა გავაკონტროლოთ დემონსტრაციის ადგილები”, – განაცხადა მან სტუდია ”მაესტროს” ეთერში. მან ასევე დასძინა, რომ ხელისუფლების მიერ 90-იანის წლებთან პარალელის გავლება ”პროვოკაციაა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button