ახალი ამბები

ევროკავშირის წარმომადგენელი ექსპერტებს შეხვდა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები დღეს ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საჭიროა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყება ”წინაპირობების გარეშე” და ”თვითონ მოლაპარაკების პროცესში გამოჩნდება, რაღაც ალტერნატიული იდეები”. მისი თქმით, ამ პროცესში ევროკავშირის შუამდგომლობა მხრეებს შორის ნდობას გააჩენდა.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს ლიდერი ითავებს მედიატორის როლს. მისი თქმით, ეს როლი შესაძლოა ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა შეასრულოს. ცისკარიშვილის განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ დიალოგის დაწყებამდე გამოავლინოს პოლიტიკური ნება, მათ შორის სადაო კანონების შეცვლის გზით და ამით გარკვეული ნდობა მოიპოვოს.

ეკონომიკური ექსპერტის ვლადიმერ პაპავას მოსაზრებით ვითარებიდან გამოსავალი შესაძლოა იყოს რეფერენდუმის დანიშვნა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

”ხალხს უნდა შეეკითხონ [მხარეები], ხალხის შეკითხვის მექანიზმი კი არის რეფერენდუმი, სხვანაირად ვერ გადაწყდება ეს საკითხი,”- განუცხადა მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.

კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის აზრით მოლაპარაკებების საწყისი თემა შესაძლოა მმართველობის კონსტიტუციური მოწყობის საკითხი გახდეს  –  ”გადასვლა საპარლამენტო მოდელზე ან ისევ საპრეზიდენტოზე დარჩენა”.

Back to top button