
ოპოზიციამ სახელმწიფო კანცელარიის პიკეტირების გეგმები გამოაცხადა
საპროტესტო აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, დღეს ხელისუფლებისთვის ”დისკომფორტის” შესაქმნელად საკნების კიდევ ერთი კერა სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ დაიდგმება, სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის აპარატია განთავსებული.
საორგანიზაციო შტაბის სახელით დღევანდელ მიტინგზე გამოსვლისას ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ ძირითადი აქცია პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდება და ასევე შენარჩუნდება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირება.
ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა მომიტინგეებს განუცხადა, რომ ხვალ 3 საათიდან გამოცხადდება იმ გეგმის შესახებ, რომელიც ”საბოლოო წერტილამდე მიიყვანს სააკაშვილის რეჟიმს და ამის შედეგად მოუწევს სააკაშვილს ჩვენი მოთხოვნის შესრულება”.
”სააკაშვილმა უნდა იცოდეს ერთი რამ ძალიან კარგად, რომ იმ მოთხოვნაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ცვლილება არ იქნება,”- განაცხადა მელაშვილმა.
კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ აქციები ”პიკს” აღდგომის შემდგომ კვირაში მიაღწევს.
ოპოზიციის ლიდერებმა ასევე გააპროტესტეს აქციებში მონაწილეებზე განხორციელებული თავდასხმები.
”ხელისუფლება იქცევა, როგორც კრიმინალური დაჯგუფება. ყოველღამე მიმდინარეობს ფაქტიურად ტერორისტული აქტები მომიტინგეთა მიმართ,” – განაცხადა კობა დავითაშვილმა,” ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ხელისუფლებას ასე – მათ უნდა შევუქმნათ მეტი დისკომფორტი, ვიდრე ხალხს”.