ახალი ამბები

ოპოზიციამ უცხოელ დიპლომატებს გეგმები გააცნო

  • სააკაშვილის უსაფრთხოება მისი გადადგომის შემდეგ გარანტირებულია;
  • უცხოეთის ქვეყნებს სთხოვეს არ ჩაერიონ კრიზისში;
  • ოპოზიცია მზადაა ითანამშრომლოს პოლიციასთან უსაფრთხოების საკითხებზე;
  • ალიანსი საქართველოსთვის საორგანიზაციო კომიტეტს უერთდება. 

    აპრილის საპროტესტო აქციებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომის შემდეგ პირადი უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიეცეს და მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას თვალყური ადევნონ, თუმცა რომელიმე მხარეს არ დადგნენ კრიზისის დროს.

    7 აპრილს საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიების ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ, რათა გაექროთ შიშები ოპოზიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის თაობაზე.

    ”ჩვენი მიტინგები და მანიფესტაციები იქნება კონსტიტუციური, იქნება მშვიდობიანი,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, ”ჩვენი მხრიდან იქნება სერიოზული კონტროლი ნებისმიერ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს სერიოზული რესურსი იმისა, რომ ადგილზევე აღვკვეთოთ ყველა პროვოკაცია და რაც ყველაზე მთავარია, მივმართეთ მთელ მსოფლიოს, ყველა ქვეყანას, რომ არავინ არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ეს არის საქართველოს ხალხის გადასაწყვეტი, რომ მშვიდობიანად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის წასვლა მისი თანამდებობიდან”.

    ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია მზად არის ითანამშრომლოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხოება აქციაზე.

    ”როდესაც წარიმართება საპროტესტო აქციები იმ ადამიანებს, ჩვენის მხრიდან, ვისაც ექნება დავალებული ორგანიზება უსაფრთხოების, ექნება კონკრეტული კავშირი ადგილობრივ სამართალდამცავ სტურქტურებთან, რათა აცილებული იქნეს პროვოკაციები. ეს ჩვენი სურვილი არის,” – განაცხადა ალასანიამ.

    დღესვე ალიანსი საქართველოსთვის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 9 აპრილიდან დაგეგმილი აქციების თანამონაწილენი ხდებიან და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად იღებენ პასუხისმგებლობას ამ პროტესტის მშვიდობიან წარმართვაზე. 7 აპრილს სხვა პარტიებთან ერთად ასევე გამოჩნდა ეროვნული ფორუმი, რომელმაც განაცხადა, რომ ისიც აპირებს აქციას შეუერთდეს. ლეიბორისტული პარტია ამ თავყრილობას არ დასწრებია.

    დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა მათ გადასცეს მიმართვის ინგლისურენოვანი ტექსტი, რომელშიც ცდილობენ დაასაბუთონ მათი ნაბიჯის სისწორე სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით და პრეზიდენტს იმ ომში ჩაბმაში ადანაშაულებენ, ”რომელსაც, მან იცოდა, რომ ვერ მოიგებდა”. ოპოზიციური პარტიების თქმით, სააკაშვილმა საკუთარ ხალხს ”ელემენტარული თავისუფლებები წაართვა”.

    მიმართვაში ოპოზიცია პირობას დებს, რომ შეასრულებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა პროცედურას სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში.

    ”მას შეუძლია ისარგებლოს ყველა იმ კონსტიტუციური გარანტიებით, რომლითაც სარგებლობს ექს-პრეზიდენტი გადადგომის შემდეგ,”- ნათქვამია მიმართვაში. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ მთავრობა თავის ადგილზე დარჩება და განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას. პარლამენტის თავმჯდომარე დანიშნავს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს 45 დღის ვადაში, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.    

    ოპოზიცია ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ”თავი შეიკავოს კრიზისის დროს რაიმე ჩარევისგან…. პრეზიდენტის მხარდაჭერის გზით”.   

    ”ჩვენ ეს უკვე გავიარეთ 2008 წლის იანვარს, როდესაც ჩვენმა უახლოესმა მეგობრებმა სტაბილურობა არჩიეს დემოკრატიას,” – ნათქვამია მიმართვაში. მაშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებმა ”დემოკრატიული არჩევნების” შესაბამისი უწოდა, ხოლო ოპოზიციამ დაგმო, როგორც გაყალბებული.

    ”ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ იარაღის ჟღარუნი ან პროვოკაცია ამ გარდამავალ პერიოდში აღქმული იქნება როგორც ნიშანი სააკაშვილის ფარული და არაპირდაპირი მხარდაჭერისა, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს დისკრედიტირებულ და სუსტ ხელისუფლებას, რომლის იზოლირებაც უფრო ადვილია,” – ნათქვამია მიმართვაში.

    შემოკლებულ ქართულენოვან პრეს-რელიზში გამოტოვებულია ზოგიერთი პუნქტი იმ ინგლისურენოვანი განცხადებიდან, რომელიც უცხოელ დიპლომატებს გადაეცათ, როგორიცაა მაგალითად პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გარანტიების მინიჭება მისი გადადგომის შემთხვევაში. ქართულენოვანი პრეს-რელიზის თანახმად, შეხვედრის დროს ოპოზიციის ლიდერებმა შესთავაზეს უცხოელ დიპლომატებს ”მონიტორინგის ცენტრის” შექმნა საზოგადოებრივ მაუწყებელში, რომელიც საპროტესტო აქციების და პოლიტიკური მოვლენების გაშუქების შესახებ ინფორმაციას გააკონტროლებს. ეს იქნება ანალოგიური იმისა, რასაც ხელისუფლება შსს-ში გეგმავს.

     

     

     

  • Back to top button