ახალი ამბები

სააკაშვილი: დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 7 აპრილს, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის მიერ სხვისი აზრის უგულებელყოფის პრაქტიკამ ქვეყანა ”სრულ კატასტროფამდე” მიიყვანა.      

”ამ ლაპარაკმა, რომ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს და რასაც გვინდა იმას ვიზამთ – მთავრობის და ოპოზიციის მხრიდან უარყოფითი შედეგი მოგვიტანა,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

”დღეს ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული და საფრთხე არ მოხსნილა და თან ჩვენ ეს ტერიტორია გვაქვს გასათავისუფლებელი, იმის გათვალისწინებით, რომ არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ურტყამს თითოეულ ჩვენ ოჯახს, ალტერნატივა დიალოგს, ერთმანეთის მოსმენას, კომპრომისების ძიებას და ამ ძველ პრაქტიკაზე უარის თქმას, რომ მე თქვენი აზრი არ მაინტერესებს, ამაზე ჩვენ ყველამ უარი უნდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას აზრი უნდა გვაინტერესებდეს,” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს ფოთში.

”სხვათაშორის, სიტუაცია გაუმჯობესდა იმ გაგებით, რომ პარლამენტში ასე თუ ისე დიალოგი აეწყო, არასამთავრობო სექტორში ასე თუ ისე დიალოგი აეწყო,” – განაგრძო მან, ”მაგრამ ყველაზე პატარა და ყველაზე რადიკალურ ჯგუფთანაც კი მაინც საჭიროა დიალოგი, როგორი რადიკალურიც არ უნდა იყოს და ხშირად მიუღებელი მათი მოთხოვნა, იმიტომ რომ საქართველოს მრავალეთნიკურ მოსახლეობას ამის ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია”.

პრეზიდენტის ეს განცხადება წინ უძღვის ოპოზიციის მიერ ორ დღეში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს მისი გადადგომის მოთხოვნით.
 

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button