ახალი ამბები

ნატოს ლიდერთა განცხადება

სტრასბურგსა და კელში 4 აპრილს გამართული სამიტის შემდეგ, ნატო–ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ალიანსის ურთიერთობას საქართველოსა და რუსეთთან.

ქვემოთ მოყვანილია განცხადებიდან ის ამონარიდები, სადაც საქართველოზე და რუსეთზეა საუბარი:

”სტაბილურობა და წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები უკრაინასა და საქართველოში მნიშვნელოვანია ევრო–ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ბუქარესტში ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო–ს წევრები და ჩვენ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს 2008 წლის დეკემბერში. ჩვენ, ნატო–უკრაინის და ნატო–საქართველოს კომისიების ფარგლებში, ამ ქვეყნებისადმი დახმარებისა და რჩევების მიცემის მაქსიმიზაციას ვახდენთ მათ მიერ გატარებული რეფორმების პროცესში. ეს კომისიები ასრულებენ ცენტრალურ როლს იმ პროცესის ზედამხედველობაში, რომელიც ბუქარესტის სამიტის დროს დაისახა. კერძოდ, ჩვენ მივესალმებით ნატო–ს საინფორმაციო და მეკავშირეთა ოფისების გახსნას კიევსა და თბილისში.

იმის გათვალისწინებით, რომ არ დაზარალდება გადაწყვეტილება MAP–ის შესახებ, რომელიც უნდა იქნეს მიღებული, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დაეხმარება უკრაინასა და საქართველოს რეფორმების წინ წაწევაში.

ამ პროგრამის ყოველწლიური მიმოხილვა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოსა და უკრაინის რეფორმების პროგრესის დეტალური მონიტორინგი ვაწარმოოთ, იმ რეფორმების, რომლებიც მათ ნატო–ში მისწრაფებებს უკავშირდება. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ღირებულ წვლილს, რომლის შეტანასაც ეს ორივე ქვეყანა ნატო–ს ოპერაციებში განაგრძობს…

…ნატო–საქართველოს ურთიერთობები საგრძნობლად გაღრმავდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ვრჩებით საქართველოსთან დიალოგის და საქართველოსადმი დახმარების გაგრძელების ერთგულნი. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ გააგრძელოს ყველა აუცილებელი რეფორმის განხორციელება, კერძოდ დემოკრატიული, საარჩევნო  და სასამართლო რეფორმები, რათა მიღწეულ იქნეს მისი ევრო–ატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენ ვადასტურებთ, რომ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე მხარეებს ითამაშონ კონსტრუქციული როლი და განაგრძონ ეუთოსთან, გაეროსთან და ევროკავშირთან მჭიდრო მუშაობა. ჩვენ მივესალმებით ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მიღწეულ შეთანხმებას ინციდენტების პრევენციასა და საპახუხო მექანიზმების შესახებ, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რათა მოხდეს ამ შეთანხმების სწრაფი განხორციელება. ჩვენ ავღნიშნავთ, რომ მოხდა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის გახანგრძლივება და ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა მანდატის ტექნიკური გაგრძელება. ჩვენ მოვუწოდებთ მოხდეს საქართველოში ეუთოს მისიის ახალი მანდატის დამტკიცება და ასევე გაეროს, ევროკავშირის და ეუთოს დამკვირვებლების შეუფერხებელი შესვლა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ჩვენ შეშფოთებულები ვართ არსებული დაძაბულობით და ძალადობით ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება…

…ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს საქართველოსთან მიმართებით აღებული ვალდებულებები. ამ კონტექსტში, ჩვენ მნიშვნელოვან ფაქტად მივიჩნევთ რუსეთის მხრიდან იმ ტერიტორიების დატოვებას, რომლის დატოვების ვალდებულებაც მან აიღო. ჩვენ მივესალმეთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ამ ვალდებულებების შესასრულებლად გადაიდგა, თუმცა [ჯარების] უკან გაყვანის პროცესი არასრულად მოხდა. ალიანსმა დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და კვლავაც მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს აღიარების შესახებ მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება ნატო–რუსეთის საბჭოს დაარსებისას მიღებულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ეუთოს პრინციპებს, რომლებსაც ევროპის უსაფრთხოება ეფუძნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მიღებულ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებსაც რუსეთმაც დაუჭირა მხარი. ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ძალების განთავსება განსაკუთრებული შეშფოთების მიზეზია.

ჩვენს შორის არსებული უთანხმოებების მიუხედავად, რუსეთი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პარტნიორი და მეზობელია.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button