ახალი ამბები

ვაშაძე: ავღანეთში ქართული ასეული მალე გაემგზავრება

საქართველო ავღანეთში უახლოეს მომავალში ერთ ასეულს გააგზავნის, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

”ამ თემაზე უკვე საფრანგეთთან მიდის მოლაპარაკება იმიტომ, რომ ჩვენი ასეული იმსახურებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ეგიდის ქვეშ,”- განუცხადა მან ქართულ ტელეკომპანიებს ჰააგაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგაში მონაწილეობას იღებს ავღანეთთან დაკავშირებულ მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც ასევე ესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

იმავდროულად, 30 მარტს საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით ეწვია ლიტვის თავდაცვის მინისტრი  რასა იუკნიავიჩენე, რომელმაც ქართველ კოლეგასთან დავით სიხარულიძესთან გამართა მოლაპარაკებები. სიხარულიძემ შეხვედრის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ განიხილებოდა ნატოს ავღანურ მისიაში საქართველოს წვლილის საკითხი.

Back to top button