
ნოღაიდელი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება არ გაიმეორებს 7 ნოემბრის შეცდომას
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი იმედოვნებს, რომ აპრილის საპროტესტო აქციებზე ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და აღარ გაიმეორებს 2007 წლის 7 ნოემბერს დაშვებულ ”შეცდომას” აქციის დარბევასთან დაკავშირებით.
”მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად მიტინგი და დემონსტრაცია თბილისის ცენტრში ოპოზიციის მიერ მოწყობილი იქნება მშვიდობიანი,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია შესაძლო პროვოკაციებზე.
17 მარტს პრესკონფერენციაზე საუბრისას მან მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს პარტნიორი ქვეყნებისადმი კორექტული გამონათქვამებისაკენ, რათა ქვეყანა ”იზოლაციაში” არ მოექცეს.
მას მხედველობაში ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გამოსვლები, სადაც ის მუდმივად ასახელებს ქვეყნებს, სადაც კრიზისის გამო ეკონომიკები ”ჩამოიშალა”. ასეთი განცხადება უკვე გააპროტესტა ოფიციალურმა ერევანმა.
”პრობლემები სახელმწიფოს ლიდერებს შორის, რომელსაც ქმნის დღეს მიხეილ სააკაშვილი თავისი გაუაზრებელი გამონათქვამების გამო, საბოლოო ჯამში შეიძლება ბევრად უფრო რთულ პრობლემებში გადაიზარდოს,”- განაცხადა ნოღაიდელმა, ”ჩვენ მივმართავთ ამ სახელმწიფოების ლიდერებს – სააკაშვილი არ არის მთლიანად საქართველო… ჩვენ ამ მთავრობებთან ძალიან მალე კვლავ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს”.