
ამერიკელი დიპლომატი ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
თბილისში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა 14 მარტს, რომ იგი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის მიერ აპრილიდან დაგეგმილი საპროტესტო აქციები პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირდაპირ დიალოგამდე მივა.
ბრაიზამ მისი ვიზიტის მეორე დღის დიდი ნაწილი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებს დაუთმო. 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი იყო იმის განხილვა, თუ როგორ განეხორციელებინათ პრაქტიკაში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველო-აშშ-ის ქარტია, დღის წესრიგში ასევე შევიდა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აპრილში დაგეგმილმა საპროტესტო აქციებმა უჩვენა, რომ ”ბევრი ადამიანია, ვისაც მიაჩნია, რომ საჭიროა რაღაც ცვლილებები ან ცვლილებების დაჩქარება საქართველოს ახლადაღმოცენებად დემოკრატიაში”.
მან ასევე განაცხადა, რომ ”ყველა თანხმდება” იმაზე, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო სასამართლო რეფორმის და მედიის თავისუფლების გასაუმჯობესებლად; დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ძალაუფლების გადასანაწილებლად, ასევე კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებისთვის.
თუმცა, ბრაიზამ ასევე განაცხადა, რომ მან რამდენიმე ოპოზიციური ლიდერისგანაც კი მოისმინა, ”შეიძლება არც თუ აღფრთოვანებით, თუმცა მაინც აღიარება, რომ გარკვეულ დადებით მოვლენებს მაინც ჰქონდა ადგილი” 2007 წლის ნოემბრიდან.
”ჩვენი დიდი იმედია, რომ აპრილის მოვლენები ენერგიით აღავსებს ხალხს და ოპოზიციას, ხელისუფლებას და პოლიტიკურად ნეიტრალურ ადამიანებს უბიძგებს იქითკენ, რომ ჩაუჯდნენ ძალიან სერიოზულ სამუშაოს, რომელიც წინაა, დემოკრატიის გაძლიერების მიზნით,” – განაცხადა მან, ”ვიმედოვნებ, რომ პროტესტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგით დასრულდება”.
ბრაიზას მიერ 13 მარტს გაკეთებულ განცხადებაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ხსენებამ და იმ ფორმამ, როგორც ეს ზოგიერთმა ქართულმა მედია საშუალებამ გააშუქა, გარკვეული წინააღმდეგობა გამოიწვია, რადგანაც ეს საკითხი კვლავ პოლიტიკურად მგრძნობიარე რჩება იმ ფონზე, როცა ოპოზიცია ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს.
ბრაიზამ 13 მარტს პარლამენტის თავმჯდომარეთან დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ”მიესალმება” განსხვავებული პოლიტიკური აზრის მშვიდობიანად, ”ძალადობის გარეშე” გამოხატვას. ”ეს დისკუსიები ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას საქართველოში, რომელიც ჩვენს უზენაეს ინტერესს წარმოადგენს მსოფლიოს ამ კუთხეში და [ასევე ხელს უწყობს] შემდგომი არჩევნებისთვის მომზადებას, რომელიც 2013 წელს იგეგმება,”- განაცხადა მან.
”ის, რაც მე ვთქვი და რაც ვიგულისხმე არის ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელსაა დანიშნული,” – განაცხადა ბრაიზამ 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს საერთო თარიღის დადგენასთან; ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რომელი თარიღია შესაფერისი; ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია”.
თბილისში ბრაიზა ასევე შეხვდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. ”მისი უწმინდესობა საუბრობდა შესაძლებლობაზე, საჭიროებაზე ჩვენთვის – ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, საქართველოსთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, რუსეთისთვის – ვიმუშავოთ ერთად, რათა შევქმნათ მშვიდობის ზონა სამხრეთ კავკასიაში. ეს არის საუკეთესო და მარტივი გზა იმის გადმოსაცემად, თუ რა არის ჩემი ქვეყნის ყველა ფუნდამენტალური მიზანი სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში,” – განაცხადა ბრაიზამ და მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ ეს არ იყო ოფიციალური წინადადება, არამედ ზოგადი მიდგომა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)