
სააკაშვილი ”რევანშისტებზე” საუბრობს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში რევანშისტები თავის მიზნებს ვერ მიაღწევენ, რადგან ”ეს ის საქართველო აღარ არის”.
მან ეს განცხადება ლევან პირველზე, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დეპუტატსა და ბიზნესმენზე გააკეთა, რომელმაც სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ამ დრომდე ავსტრიაში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ ლევან პირველი ქართულ ტელევიზიებში გამოჩნდა, როდესაც ვენაში ქართველთა შეხვედრა გაშუქდა.
”ვიხილე ტელევიზიით ქართული ენერგომაფიის მამა ლევან პირველი როგორ გვარიგებდა ჭკუას ვენიდან. ეს არის ნამდვილი კრიმინალი, რომლის გამო და მისი და მასთან მთავრობაში დაკავშირებული ხალხის გამო საქართველო იყო ჩაბნელებული ათწლეულზე მეტის განმავლობაში. ისინი აკეთებდნენ ფულს დენის მაქინაციებზე და იმაზე, რომ ჩვენ გვშიოდა და ჩვენ გვქონდა სახლები ჩაბნელებული,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”სხვა თუ არაფერი, დღისით, მზისით ახალგაზრდა ბიჭი მოკლა თავის მეუღლის თვალწინ. ყველა მაჩვენებელი ამაზე იყო. ყველაფერი ეს შერჩა, გაიქცა ვენაში და იქიდან აპირებს თურმე საქართველოს მოაჯდეს ხელახლა სხვადასხვა მაქინაციების გამოყენებით. ნურას უკაცრავად!”
”რევანშისტებს საქართველოში, იმათ ვისაც უნდა ჩაგვაბნელონ, დაგვაბრუნონ უშუქობაში, უგზოობაში, კრიმინალში, უბედურებაში – ეს ის საქართველო აღარ არის და მათ ეს ნამდვილად აღარ გამოუვათ,”- აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა ეს განცხადება ქუთაისში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ახალი შენობის პრეზენტაციაზე გააკეთა. მან განაცხადა, რომ საქართველო მზადაა ”ასწავლოს დანარჩენ ევროპას, თუ როგორ განავითაროს ენერგეტიკა”.
მისი თქმით, ელექტროენერგია ქვეყანამ მთავარ საექსპორტო დარგად უნდა აქციოს, მათ შორის ახალი ჰიდროელექროსადგურების მშენებლობის გზით.
”უახლოეს მომავალში ჩვენ გავხსნით ფარავნის ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას 80 მგვტ [სიმძლავრის]. ეს იქნება პირველი დიდი ელექტროსადგურის მშენებლობა საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ,”- განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქუთაისის, როგორც საქართველოს მეორე დედაქალაქის, განვითარების გეგმებზე, რომელიც მისი თქმით, 2011 წელში გახდება ”მეორე პარიზი”.