ახალი ამბები

რუსული ინფორმაციით, ახალგორის აფეთქება ტერორისტული აქტი არ ყოფილა

ახალგორის რაიონში 8 მარტს საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარი ძლიერი აფეთქება ტერორისტული აქტი არ ყოფილა, იტყობინება ”იტარ ტასსი” ადგილზე განთავსებულ რუსულ სამხედრო სარდლობაზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციის თანახმად, აფეთქების შედეგად დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან; თუმცა, ქართული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე რუსი სამხედრო დაშავდა და შესაძლოა დაღუპულებიც იყვნენ.   

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ მოსაბრუნის მახლობლად მოხდა. მისიის განცხადებით, დაახლოებით შუადღისას, აფეთქების ხმა ევროკავშირის დამკვირვებლებმა ქვემო ჭალის მახლობლად პატრულირებისას გაიგონეს.

”გვესმის, რომ არ არის ნათელი რა მოხდა – იყო ეს უბედური შემთხვევა თუ რაიმე ფორმის დივერსიული აქტი,” – განაცხადა მისიამ, ”რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე მთელს ტერიტორიაზე სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის უზრუნველყოფა სურს, ჩვენ მეტად მოხარულნი ვიქნებით ჩავატაროთ ინციდენტის გამომწვევი მიზეზის ნეიტრალური გამოძიება, თუ ამის ნებართვას ტერიტორიაზე მოქმედი შესაბამისი ხელისუფლება მოგვცემს”.

ევროპელი დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირებენ, ხოლო სეპარატისტული რეგიონების შიგნით მათ არ უშვებენ.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button