ახალი ამბები

პრეზიდენტმა გენშტაბის უფროსის შეცვლაზე კომენტარი გააკეთა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას საკადრო გადაადგილებაზე.

ჩაჩიბაია თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ გადაჰყავთ, ხოლო მის ადგილს გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე დევი ჭანკოტაძე იკავებს. ორივე კანდიდატურა დღეს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ ოფიციალურად წარადგინა.

”ეს კორექტირება დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ გვინდა დავხვეწოთ კიდევ მართვა შეიარაღებული ძალების,”- განუცხადა სააკაშვილმა 5 მარტს ჟურნალისტებს, ”მე ამ დღეებში, ბოლო დღეებში ჩავატარე ტესტები დაკავშირებული საბრძოლო, სამხედრო და ფიზიკურ მომზადებასთან და ჩავთვალე, რომ ახალი პროგრამები უნდა დაისახოს იმისათვის, რომ პრაქტიკულად, კიდევ ახალ დონეზე გავიყვანოთ ჩვენი ჯარი”.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ბოლო ერთი კვრის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა. მან გენშტაბის უფროსის პოსტზე მხოლოდ ოთხი თვე იმსახურა მას შემდეგ, რაც ომის შემდეგ ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა შეცვალა.

ქართული პრესის ვარაუდით ჩაჩიბაიას უკმაყოფილება გამოიწვია თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბაჩო ახალაიას სავარაუდო ჩარევამ გენშტაბის საქმიანობაში. თავდაცვის მინისტრის მოადგილის რანგში ბაჩო ახალაია გაერთიანებული შტაბის ლოგისტიკურ ერთეულის გაკონტროლებას კურირებს. ახალაია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2008 წლის დეკემბერში დაინიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან დაახლოებულ პირად ითვლება.

Back to top button