ახალი ამბები

იტალია მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას

იტალია მხარს უჭერს საქართველოს ნატოში სწრაფვას და ”ეს იქნება ის გზა, რომელზეც ვიდგებით მომავალში,”- განაცხადა 4 მარტს თბილისში ვიზიტად მყოფმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალფრედო მანტიკამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ თვის ბოლოს განიხილება ნატოს ახალი სტრატეგია. ”ალბათ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში უკვე საუბარი იქნება ახალ ნატოზე,”- აღნიშნა იტალიელმა დიპლომატმა.

მისი თქმით, იტალია მიესალმება უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს,  ”რადგან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზუსტად ეს არის ის ფორმატი, რომელშიც უნდა იყოს საქართველოს საკითხზე ლაპარაკი”. მან ასევე ისაუბრა დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების მექანიზმების შექმნის აუცილებლობაზეც.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებული საკითხები.

Back to top button