
მთავრობის პროგრამა – 2009 წლის თებერვალი
ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე
მთავრობის პროგრამა – 2009 წლის თებერვალი
საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანი უცვლელია – ერთიანი
საქართველო სიღარიბის გარეშე.
ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია გლობალური ფინანსური კრიზისით
განპირობებულ გამოწვევებზე სწრაფი და კომპლექსური რეაგირების გარეშე.
არსებულ რეალობაში მთავრობის ამოცანაა კრიზისით გამოწვეული
ეკონომიკური ზიანის მინიმალიზება. მთავრობის ”მსოფლიო ფინანსური
კრიზისისგან დაცვის სტრატეგიამ” უნდა დააბრუნოს საქართველოს
ეკონომიკა 50-თვიანი გეგმის შესრულების გზაზე.
საქართველო დგას ორი ახალი გამოწვევის წინაშე:
- ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი და
საფრთხის ქვეშ იმყოფება მოსახლეობა. ათასობით ჩვენი
მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი
საცხოვრებელი ადგილი. - მსოფლიოში გრძელდება უმწვავესი საფინანსო-ეკონომიკური
კრიზისი. იგი ეხება მსოფლიოს ყველა ეკონომიკას, მათ შორის,
საქართველოსი.
ერთიანი საქართველო არის და იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა.
არსებული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ არ შევაჩერებთ მშვიდობიან
მოძრაობას, გამოვიყენებთ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს,
ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას, რათა თანმიმდევრული
სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად მივაღწიოთ საქართველოს გამთლიანებას.
ხელისუფლება გააგრძელებს დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორების დახმარებით
მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია. ამ მიზნით
პირველ ეტაპზე ვეცდებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსდეს
საერთაშორისო სადამკვირვებლო ან/და საპოლიციო კონტინგენტი.
საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
დარჩენილ მოსახლეობასთან, მათი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად,
აქტიური კავშირების დამყარებას, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.
გამოწვევად რჩება უმუშევრობა. უმუშევრობის დონე 14 პროცენტს
აღწევს. ჯერ კიდევ მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს.
საქართველოს მთავრობას ეკონომიკის სფეროში გააჩნია ერთი პრიორიტეტი –
ეს არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება და უმუშევრობის დაძლევა.
მიუხედავად ყველა სირთულისა, ჩვენი უახლოესი ამოცანაა უმუშევრობის
ზრდის შეჩერება და შემდგომში დასაქმების გზით ერთიანი საქართველოს
აშენება სიღარიბის გარეშე.
მსოფლიო ფინანსური კრიზისისგან დაცვის სტრატეგია წარმოადგენს
პასუხს მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებზე და მოიცავს
ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს 2,2 მილიარდი ლარის ოდენობით. ეს
თანხა იყოფა სამ ნაწილად: პირველი მათგანი წარმოადგენს ბიუჯეტში
გათვალისწინებულ 1,450 მილიარდ ლარს (მასში შედის, როგორც
სახელმწიფო შიდა რესურსები, ისე დონორების დახმარება), რომელიც
ძირითადად დაიხარჯება საქართველოში ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე;
მეორე ნაწილია 500 მილიონი ლარი, რომელსაც დონორები დამოუკიდებლად
დახარჯავენ სხვადასხვა პროექტზე; ხოლო მესამე ნაწილია 250 მილიონი
ლარი, რომელიც მომხმარებელს დარჩება საგადასახადო ტვირთის
შემცირების ხარჯზე.
რუსული აგრესიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფი ნორმალიზებისათვის
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტიანი ქმედებები და
ეკონომიკის მდგრადობა შინაგანი და გარეგანი რყევების მიმართ იძლევა
საფუძველს, რომ ეკონომიკურ ღონისძიებათა პაკეტი მოახდენს კრიზისით
გამოწვეული ნეგატიური შედეგების მინიმიზებას. ამ პაკეტის განხორციელება
საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დავაბრუნოთ მსოფლიო
კრიზისამდე პერიოდის ტრაექტორიაზე (2006 წელს საქართველოს ეკონომიკის
ზრდამ 9,4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2007 წელს – 12,4 პროცენტი; 2010
წელს ნავარაუდევია ეკონომიკის ზრდა 6 პროცენტით და 2011 წელს –
8 პროცენტით).
ასევე ჩვენი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერისა და მთავრობის
ადეკვატური პოლიტიკის შედეგია ეკონომიკის სტაბილიზაცია მსოფლიო
კრიზისის პირობებში. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველომ
მოახერხა ინფლაციური პროცესების შეჩერება; ინფლაციის მაჩვენებელი 2008
წლის პერიოდის ბოლოს 5,5 პროცენტი დაფიქსირდა, ნაცვლად გასული წლის
იმავე პერიოდისთვის არსებული 10 პროცენტისა. ამ მხრივ არსებული
პოლიტიკა გაგრძელდება, რაც საშუალებას მოგვცემს, მომდევნო წლებშიც
ინფლაცია შევინარჩუნოთ ერთნიშნა დონეზე.
2009 და მომდევნო წლებში მთავრობა განახორციელებს მნიშვნელოვან
ინფრასტრუქტურულ პროექტებს – წყალმომარგების სისტემის
რესტრუქტურიზაცია და რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, კახეთში
გომბორის გზა, ქართლში რიკოთამდე ავტობანი, იმერეთში ზესტაფონისამტრედიის
მაგისტრალი, დასავლეთ საქართველოში 500-კილოვატიანი
ელექტროგადამცემი ხაზი, აჭარაში მაგისტრალური ალტერნატიული გზა
(ბათუმი-ჩოლოქის) და სხვა. ”ათასწლეულის გამოწვევისა” და თბილისი-ახალციხე-
ბათუმის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი მოახდენს სამხრეთ
საქართველოს სრულფასოვან ჩართვას ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.
შედეგად მივიღებთ საგზაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის
განვითარებას, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და რეგიონული
დისბალანსის შემცირებას. ამ პროექტების მშენებლობის პროცესში
დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე განხორციელების შედეგად ეს
პროექტები ხელს შეუწყობს ბიზნესაქტივობის გაზრდას, რაც დამატებით
შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დაასაქმებს ადგილობრივ
მოსახლეობას.
2009 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 521
მილიონი ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე,
მათ შორის, მსოფლიო ბანკის დაფინანსება შეადგენს 195 მილიონ ლარს,
რომლიდანაც 128,5 მილიონი მოხმარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის
სატრანზიტო მაგისტრალს, მისი თანადაფინასება შეადგენს 61,8 მილიონ
ლარს. მიმდინარე წელს დასრულდება აღაიანი-იგოეთის (12 კმ) მონაკვეთი,
რეაბილიტაცია ჩაუტარდება იგოეთი-სვენეთის არსებულ გზას (ხიდების
ჩათვლით 24 კმ), დასრულდება სვენეთი-რიკოთის (61 კმ) მონაკვეთი და
არსებული გვირაბის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა. 2010 წლიდან
დაიწყება ახალი გვირაბის მშენებლობა და მომდევნო წლებში აღნიშნული
მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება დაახლოებით 540
მილიონი ლარი. მსოფლიო ბანკი ასევე აფინანსებს ვაზიანი-გომბორი-
თელავის გზის რეაბილიტაციას მიმდინარე წელს 10,5 მილიონი ლარით,
რომლის თანადაფინანსება შეადგენს 4,5 მილიონ ლარს. მიმდინარე წელს
ფონდის «ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს» მიერ სამცხე-ჯავახეთში
გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 40 მილიონი ლარი (თანადაფინანსება
– 10 მილიონი ლარი); მომდევნო წლებში ამავე გზების რეაბილიტაციაზე
ფონდი მიმართავს 130 მილიონ ლარს. გარდა საავტომობილო გზების
დეპარტამენტში გათვალისწინებული თანხებისა, აზიის განვითარების ბანკისა
და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოს მუნიციპალური
განვითარების ფონდი ადგილობრივი გზების რეაბილიტაციისათვის მიმართავს
72 მილიონ ლარს, ასევე ქუვეითის ფონდი დააფინანსებს თბილისის გზების
რეაბილიტაციას 28 მილიონი ლარის ფარგლებში. 2010 წლიდან აზიის
განვითარების ბანკის დაფინანსებით დაიწყება ბათუმისა და ქობულეთის
შემოვლითი გზების მშენებლობა, რისთვისაც მომდევნო წლების
განმავლობაში დაიხარჯება 200 მილიონ ლარამდე.
სხვადასხვა რეგიონში კომუნალური და წყალმომარაგების სისტემების
რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 71 მილიონი ლარი.
გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის
დაფინანსებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამავე
მიზნებისათვის მიმართავს 77 მილიონ ლარს. ამასთანავე,
მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის
დასაფინანსებლად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდან მიიმართება 123 მილიონი ლარი, ხოლო ფონდის
«ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს» და მუნიციპალური განვითარების
ფონდის მიერ განხორციელდება 30,7 მლნ ლარის პროექტები. საირიგაციო და
სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციაზე მთავრობა დახარჯავს 30
მილიონამდე ლარს, მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსება კი
შეადგენს 9,5 მილიონ ლარს. ასევე ქალაქებსა და რეგიონებში მოხდება
სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. მთავრობა მოახდენს
სათანადო ფინანსური რესურსების მობილიზებას მომდევნო წლებშიც
ინფრასტრუქტურის არსებული ტემპებით რეაბილიტაციის მიზნით.
საერთაშორისო საფინანსო მხარდაჭერის და სახელმწიფო რესურსების
მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება იძულებით გადაადგილებული
პირებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას. 2009 წელს ამ
კუთხით ევროკავშირი გამოყოფს 118 მილიონ ლარს, ხოლო გერმანიის
მთავრობა – 18,5 მილიონ ლარს. ჩვენ უკვე დავაბინავეთ რუსეთის აგრესიის
შედეგად დაზარალებული 20 ათასი მოსახლე და მთავრობა წელსვე დაიწყებს
90-იან წლებში იძულებით გადაადგილებული პირების ეტაპობრივ
უზრუნველყოფას ღირსეული საცხოვრებელი პირობებით.
აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ჩაერთვება და დასაქმდება
ათასობით საქართველოს მოქალაქე. ამასთანავე, ინფრასტრუქტურული
პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და,
შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
სოციალური პოლიტიკა დაფუძნებული იქნება ბენეფიციართა შერჩევაში
მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევაზე. სახელმწიფო უფრო მეტად
დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ.
უფრო მეტი და მნიშვნელოვნად გაზრდილი ფინანსური დახმარება
სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველ მოსახლეობას – ასეთი იქნება
სოციალური პოლიტიკის მთავარი პრინციპი.
სოციალური დახმარების პაკეტი მიმართული იქნება ყველაზე
გაჭირვებული მოქალაქეებისათვის ღირსეული საარსებო გარემოს
შესაქმნელად. ეტაპობრივად გაიზრდება სოციალური საპენსიო პაკეტის
მოცულობა და ის 100 დოლარს მიაღწევს.
2009 წლის 1 იანვრიდან სიღარიბის ზღვრის ქვემოთ მყოფი 400 ათასი
პირი ოჯახზე 30-ლარიან დახმარებასთან ერთად დამატებით თითოეულ
ოჯახის წევრზე 12-ის ნაცვლად მიიღებს 24 ლარს.
2009 წლის ნოემბრიდან სოციალური დახმარებების სისტემა იქნება
გრადაციული და მასში ჩაერთვება დამატებით 500 ათასი ბენეფიციარი, მათ
შორის, პირველი 200 ათასი ბენეფიციარი ოჯახზე 20-ლარიან დახმარებასთან
ერთად მიიღებს თითოეულ ოჯახის წევრზე 16-ლარიან დახმარებას, ხოლო
მომდევნო 300 ათასი ბენეფიციარი – 10-ლარიან დახმარებას და ოჯახის
წევრზე დამატებით 8 ლარს.
საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი და მკაფიოდ
გამოხატული მხარდაჭერა გააჩნია. ეს მხარდაჭერა არა მარტო პოლიტიკურია,
არამედ ეკონომიკურიც.
ბრიუსელში აშშ-ის, ევროპული ქვეყნების და სხვა პარტნიორების მიერ
დაპირებული დაფინანსება – 4,5 მილიარდი აშშ დოლარი 3 წლის
განმავლობაში მოხმარდება უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას.
ამ თანხებით გარკვეულწილად ჩანაცვლდება უცხოური ინვესტიციების
ნაკადი და შემცირდება მაკროეკონომიკური საფრთხეები.
ამ თვალსაზრისით მთავრობამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
საქართველომ ხელი უკვე მოაწერა და მიიღო 1,3 მილიარდი აშშ დოლარი,
რომელიც მთლიანი დაპირების თითქმის ერთი მესამედია. ასევე პროექტები
უკვე დაგეგმილია და წინასწარი შეთანხმებები მიღწეულია 2,4 მილიარდი აშშ
დოლარის რესურსზე, რომელიც მთლიანი დანაპირების ნახევარზე მეტია,
ხოლო დანარჩენ 760 მილიონ აშშ დოლარზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ეკონომიკის შიდა რესურსების ხარჯზე განვითარების მიზნით
შენარჩუნებული იქნება «ვარდების რევოლუციის» შემდგომი ეკონომიკური
კურსი და კიდევ უფრო შეეწყობა ხელი თავისუფალი ეკონომიკური გარემოს
ჩამოყალიბებას. მთავრობა გააგრძელებს ეკონომიკური განვითარების
პოლიტიკას, რაც მდგომარეობს დაბალ გადასახადებში, ინვესტიციების
მოზიდვაში, საკუთრების უფლების დაცვაში, ღია სავაჭრო და სატრანსპორტო
პოლიტიკაში, ექსპორტის ზრდაში, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა
დარგების განვითარებაში, ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს
დასაქმების ზრდას და უმუშევრობის დაძლევას.
დაბალი გადასახადების პოლიტიკა გაგრძელდება მომავალ წლებშიც,
რისი პირველი ნაბიჯიც იყო საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 25
პროცენტიდან 20 პროცენტამდე შემცირება, იმ პირობებში, როცა სხვა სახის
გადასახადები პირად შემოსავლებზე არ არსებობს. ასევე შემცირდა
საშემოსავლო გადასახადი დივიდენდებზე, პროცენტებზე. შედეგად, მოხდება
კერძო სექტორის ზრდისა და დასაქმების სტიმულირება.
სრულფასოვნად ამოქმედდება ბიზნესისთვის უაღრესად ხელსაყრელი
ახალი საგადასახადო რეჟიმები: თავისუფალი ინდუსტრიული ზონა,
საერთაშორისო საფინანსო კომპანია და თავისუფალი საწყობი. მხოლოდ
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მომდევნო პერიოდში დაასაქმებს
დაახლოებით 20 ათას ადამიანს.
ინვესტიციების მოსაზიდად მხოლოდ დაბალი გადასახადები არ კმარა.
თუ ქვეყნებს შორის მოქმედი შეთანხმებების ბაზა ინვესტორებს საშუალებას
არ აძლევს, რომ გადასახადი მხოლოდ ერთ ქვეყანაში გადაიხადონ, მაშინ
რაც არ უნდა დაბალი იყოს საქართველოში საგადასახადო განაკვეთი, ის
მაინც ტვირთად დააწვება ინვესტორს, ვინაიდან მას ასევე მოუწევს თავისი
ქვეყნის გადასახადების გადახდა. ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად
აუცილებელია შესაბამისი შეთანხმებების არსებობა სხვა ქვეყნებთან.
საქართველოს ოცდაათამდე ქვეყანასთან აქვს დადებული ასეთი შეთანხმება,
თუმცა რიგ შემთხვევაში ისინი ვერ უზრუნველყოფენ ინვესტორისთვის
საგრძნობ შეღავათებს. Mსაინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების
მიზნით საქართველოს მთავრობა აქტიურად იმუშავებს ორმაგი დაბეგვრის
თავიდან აცილების შეთანხმებების გაფორმებაზე სხვა სახელმწიფოებთან.
2009-2010 წლებში საქართველოს მთავრობა ხელს მოაწერს ორმაგი
დაბეგვრის თავიდან აცილების განახლებულ და ახალ ხელშეკრულებებს
გაერთიანებულ სამეფოსთან, კვიპროსთან, შვეიცარიასთან, ნიდერლანდების
სამეფოსთან, სინგაპურთან, ქუვეითთან, სლოვენიასთან, ესტონეთთან და
უნგრეთთან.
პრეფერენციული ვაჭრობის რეჟიმების არსებობა ევროკავშირთან,
აშშ-სთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან ხელს უწყობს საქართველოს
საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას. Aამ მიმართულებით მთავრობა
გააგრძელებს მუშაობს ევროკავშირთან და აშშ-სთან. საქართველოსა და
აშშ-ს შორის გაფორმებულ ქარტიაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის
მთავრობები იმუშავებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე; შესაბამისად,
2009 წელს გაიმართება აქტიური დიალოგი აშშ-ის ხელისუფლებასთან.
პროდუქციის იოლი ექსპორტის გატანის შესაძლებლობა გაზრდის
ინვესტორთა დაინტერესებას და, შესაბამისად, კერძო სექტორს, რაც, თავის
მხრივ, ხელს შეუწყობს დასაქმებას.
ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც განხორციელდება 4,5-
ილიარდიანი დახმარებით, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში კერძო
კაპიტალის შემოდინებას. 2009 წელს დაიწყება 500-კილოვოლტიანი
ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მშენებლობა და დასრულდება 2012
წელს, რაც გაცილებით მიმზიდველს გახდის საქართველოს ენერგეტიკულ
სექტორს. კერძო ინვესტიციებით დაფინანსდება 500 მეგავატზე მეტი
ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრის მშენებლობა, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის
რეგიონში დაიწყება 78-მეგავატიანი ”ფარავნის”
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც 3 წელიწადში
დასრულდება. გაიზრდება ენერგოსისტემის მდგრადობა და განხორციელდება
სექტორის შემდგომი დერეგულირება. ენერგოსისტემა იმუშავებს მეზობელი
ქვეყნების ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში.
გაიზრდება ქვეყნის, როგორც ენერგომატარებლების გამტარის,
ფუნქცია. უახლოეს წლებში საქართველოს მთავრობა აქტიურად იმუშავებს
ნაბუკოს პროექტის განხორციელებაზე, რაც გულისხმობს გაზის
ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიიდან ევროპის ქვეყნებში საქართველოს
გავლით.
მთლიანობაში მიღწეულია ენერგეტიკული უსაფრთხოება
ენერგორესურსების მოწოდების დივერსიფიცირების საშუალებით;
საქართველო ამ ეტაპზე ბუნებრივ აირს იღებს სამი მომწოდებლისგან:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიისგან,
აზერბაიჯანის გაზის საბადოების კერძო ოპერატორების კონსორციუმისგან
(სადაც შედიან ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანიები) და
რუსეთისგან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების საფასურად.
ამასთანავე, აზერბაიჯანთან გაფორმდა 5-წლიანი კონტრაქტი გაზის
მოწოდებაზე. ასევე 20-წლიანი კონტრაქტით საქართველო მიიღებს გაზს შაჰდენიზის
საბადოებიდან. მთავრობა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას
ენერგოუსაფრთხოების დამატებითი გარანტიების შექმნაზე.
გაგრძელდება ინვესტირება საქართველოს რკინიგზაში. აშენდება
ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, რაც შესაძლებელს გახდის ჩინეთი-საქართველო-
ევროპის სარკინიგზო მიმოსვლას. 2009 წელს მთავრდება
საპროექტო სამუშაოები და იწყება ინტენსიური მშენებლობის პროცესი,
რომელიც 2011 წელს დასრულდება. განხორციელდება თბილისის შემოვლითი
სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. ყველა ეს პროექტი განავითარებს
საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურას და, შესაბამისად, ქვეყნის
ეკონომიკას.
განვითარდება ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა – სრულად ამოქმედდება
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100-ზე მეტი საავადმყოფო. უკვე ამ
წელს 250 მილიონ ლარზე მეტი იქნება ინვესტირებული უკეთეს ჯანდაცვასა
და სამუშაო ადგილებში კერძო სექტორის მიერ. ჯანმრთელობის დაზღვევას
ეტაპობრივად გავავრცელებთ 1 200 000 ადამიანზე – სადაზღვევო პაკეტით
სარგებლობენ: სიღარიბის ზღვრის ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, სკოლის
მასწავლებლები, შეიარაღებული ძალების საბრძოლო შემადგენლობა,
პოლიცია. მთავრობა მოამზადებს სახელმწიფოს მიერ სამედიცინო
სადაზღვევო სისტემის განვითარების გეგმას, რომელიც ითვალისწინებს
დღეისათვის დაზღვევის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ინტეგრირებას
სამედიცინო სადაზღვევო სისტემაში. თანადაფინანსების სქემის საშუალებით
სახელმწიფო მოახდენს სადაზღვევო პაკეტების გავრცელებას საქართველოს
მოსახლეობის დიდ ნაწილზე, რათა გაიზარდოს მოსახლეობის
ხელმისაწვდომობა ურგენტულ და სხვა ბაზისურ სამედიცინო მომსახურებაზე.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება სოფლის განვითარება.
იაფი კრედიტის პროგრამის გაგრძელებით ხელი შეეწყობა რეგიონულ
განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას. განხორციელდება სოფლის
გაზიფიკაციის პროგრამა. გაზის სექტორში ჩატარებული პრივატიზაციითა და
დერეგულირებით განხორციელდება დამატებითი ინვესტიციები, რომლებიც
მოხმარდება რეაბილიტაციას და ახალი ქსელების შექმნას; გაიზრდება
გაზიფიცირებულ მომხმარებელთა რიცხვი.
სოფლების ეკონომიკური გამოცოცხლებისათვის დაიწყება მთელი
საქართველოს მასშტაბით სოფლის გზების მშენებლობა; 2009 წელს
დამატებით რეაბილიტირებული იქნება მინიმუმ 200 კილომეტრი სიგრძის
რეგიონალური გზები, რომლებიც ათობით სოფელს დააკავშირებს ჩვენს
მთავარ სატრანსპორტო არტერიებთან. ეს, თავის მხრივ, გაზრდის სოფლის
მეურნეობის პროდუქციის გასაღების პოტენციალს და ხელს შეუწყობს
ათეულობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოს
მშენებლობას, სადაც დასაქმდება ათასობით სოფლად მცხოვრები.
სოფლებში ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით,
მოსახლეობას უზრუნველვყოფთ ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარებით და
1000-ზე მეტი, კარგად აღჭურვილი და გადამზადებული სოფლის ექიმის
მომსახურებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის
მოსავლიანობის გაზრდას საირიგაციო-სადრენაჟე სისტემების
რეაბილიტაციის გზით. 1,5-ჯერ გაიზრდება მორწყული სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების ფართობი. მთლიანობაში რეაბილიტირებული იქნება 500 კმ
საერთო სიგრძის საირიგაციო-სადრენაჟე ქსელი. სოფლად მოსავლიანობის
გაზრდის მიზნით მთავრობა ასევე გააგრძელებს ტრაქტორების შეძენას.
ამასთანავე, 2009 წელს სოფლის მოსახლეობას უფასოდ დაურიგდება სასუქი,
რაც გაზრდის მოსავალს და შეამცირებს მოსახლეობის დანახარჯს.
განათლების ხარისხისა და მისაწვდომობის ამაღლებაზე ზრუნვა
ხელისუფლების უპირობო პრიორიტეტად დარჩება. 2009 წლის 1 იანვრიდან
გაიზარდა საჯარო სკოლის ვაუჩერების დაფინანსება, რამაც მასწავლებელთა
საბაზო ხელფასის 25 ლარით გაზრდის საშუალება მოგვცა. ახალი
სასწავლო წლიდან კვლავაც მოიმატებს ვაუჩერის მოცულობა და
მასწავლებელთა საბაზო ხელფასი კიდევ 25 ლარით გაიზრდება. გარდა
ამისა, 1 სექტემბრიდან საჯარო სკოლებში დამრიგებლის ხელფასის დანამატი
50 ლარით გაიზრდება. ჯამში, 2009 წლის განმავლობაში საჯარო სკოლის
მასწავლებლის საბაზო ხელფასი 50, ხოლო დამრიგებლის საბაზო ხელფასი
100 ლარით გაიზრდება. ზრდა გაგრძელდება უახლოესი წლების მანძილზეც.
გაგრძელდება ზრუნვა სკოლების ინფრასტრუქტურაზე და სასწავლო
პროცესის ინფორმატიზაციაზე – ინტერნეტი ყველაზე შორეული სოფლის
სკოლებში გახდება ხელმისაწვდომი. სახელმწიფო წაახალისებს სწავლებაში
ინოვაციური მეთოდების გამოყენებას, გამონახავს როგორც საუკეთესო
მასწავლებელთა, ისე წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების
ახალ ფორმებს. ვაუჩერული სისტემით დაფინანსდებიან განსაკუთრებული
ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა სპორტსმენები და სიღარიბის ზღვარს
მიღმა მყოფი ბავშვები.
2009 წლიდან დაწყებული, გაიზარდა მეცნიერების დაფინანსება. ხელი
შეეწყობა უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო კვლევების დაახლოებას.
გარდა სახელმწიფო დაფინანსების გაზრდისა, საუკეთესო პირობებს
შევუქმნით კერძო ინვესტიციების მოზიდვას განათლების ყველა დონეზე.
განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სახელობო განათლებას, როგორც
ადამიანთა დასაქმების პირდაპირ ფაქტორს.
საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით მომზადებული
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ გადაიდგმება
კონკრეტული ნაბიჯები ამ ნორმების რეალიზების მიზნით და დაინერგება
საკუთრების უფლების დაცვის მონიტორინგის სისტემა.
დაინერგება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რითაც მივაღწევთ
მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ მონაწილეობასა
და მართლმსაჯულებისადმი ნდობის ხარისხის ზრდას.
განხორციელდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს
მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმირების
დასრულება უზრუნველყოფს მის შესაბამისობას საერთაშორისო
სტანდარტებთან. განხორციელდება სისხლის სამართლის მატერიალური და
საპროცესო ნორმების გამოყენების კომპლექსური ანალიზი სისხლის
სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიზნით. მოხდება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმირება
თანამედროვე, სამართალდარღვევების პრევენციაზე ორიენტირებული,
გამჭვირვალე სამართალწარმოების სისტემის დანერგვის მიზნით.
მოხდება პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანა – სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულების
რეაბილიტაცია და პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობების, კვების და
ჯანდაცვის გაუმჯობესება. გაგრძელდება პრობაციის სისტემის რეფორმირება,
რომლის მიზანიცაა პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური
გარანტიების გაუმჯობესება.
სააღსრულებო სისტემის რეფორმა ჩატარდება კერძო აღსრულების
სისტემის დანერგვის მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს
სასამართლო გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების
ხელმისაწვდომობა.
ანტიკორუფციული სტრატეგიის რეალიზაციის შედეგების
გათვალისწინებით მოხდება მისი განახლება შესაბამისი საერთაშორისო
ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე.
საქართველო აგრძელებს ინტეგრაციას საერთაშორისო
თანამეგობრობაში, ნატოსა და ევროკავშირში და ნატოს სტანდარტების
შესაბამისი უსაფრთხოების სისტემის ფორმირებას. საქართველო
გაწევრიანდება ნატოში, იგი გახდება ალიანსის უსაფრთხოების სისტემის
ორგანული კომპონენტი და არა მხოლოდ უსაფრთხოების «მიმღები».
შესაბამისად, თავდაცვის პრიორიტეტები 2009 წელს იქნება: თავდაცვის
სისტემის მართვის გაუმჯობესება და შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია;
პერსონალის განათლება და წვრთნა; შეიარაღებული ძალების
შესაძლებლობის განვითარება; ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა და
ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია.
ევროკავშირთან ურთიერთობებში უფრო ფართოდ გავრცელდება ”ოთხი
თავისუფლების პრინციპი” – უზრუნველყოფილი იქნება საქონლის,
კაპიტალისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება. ადამიანების
თავისუფალი გადაადგილების ხარისხი გაიზრდება საზოგადოების
გარკვეული ჯგუფებისათვის, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტების,
მეწარმეებისა და მეცნიერებისათვის.