ახალი ამბები

ახლების და რესპუბლიკელების ალიანსმა საარჩევნო კოდექსზე წინადადებები წარმოადგინა

ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ალიანსმა დღეს საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით 7 მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა და პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის მმართველ პარტიას ამ საკითხზე დისკუსიის დაწყებისკენ მოუწოდა.

ალიანსი მოითხოვს პარლამენტის არჩევის სისტემის შეცვლას ისე, რომ 150 დეპუტატიდან 100 არჩეული იქნას პროპორციული წესით, ხოლო 50 რეგიონალური პროპორციული სისტემით  – რეგიონებში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით წინასწარ დადგენილი კვოტის შესაბამისად. ამასთან, წარმოდგენილი წინადადებების მიხედვით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე 3 მანდატი რჩება აუთვისებელი – 2 აფხაზეთისთვის, ხოლო 1 ცხინვალის რეგიონისთვის.

არსებული წესის თანახმად – რომლითაც ამჟამინდელი პარლამენტი იქნა არჩეული – 75 ერთმანდატიან ოლქში თითო მაჟორიტარი დეპუტატი ირჩევა, დანარჩენ 75 კი პროპოციული სიით არჩეული დეპუტატები ავსებენ. გასული წლის მარტში მიღებული ამ ცვლილებების შედეგად, რასაც მაშინ ოპოზიცია მწვავედ აპროტესტებდა, მმართველმა პარტიამ 75 მაჟორიტარიდან 71 მანდატის მოპოვება შეძლო 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე.

ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ალიანსი სამივე დონის საარჩევნო ადმინისტრაციების საარჩევნო სუბიექტების მიერ პარიტეტული წესით დაკომპლექტების ინიციატივით გამოდის, რათა გამოირიცხოს ”მიკერძოებული” საარჩევნო ადმინისტრაცია. თუმცა, დოკუმენტში საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კონკრეტული ფორმულა არ არის მოცემული.

ალიანსის ინიციატივაში, მთავარ სიახლეს წარმოადგენს საარჩევნო დავების არბიტრაჟის შექმნა, რომელიც ”მაღალი ნდობის” მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი 9 წევრისაგან დაკომპლექტება და განიხილავს საარჩევნო პროცესში წარმოშობილ ყველა დავას.

ინიციატივის მიხედვით, არბიტრაჟის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, მათ შორის საერთო სასამართლოებში. გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი გამონაკლისი, როცა არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხის დასადგენად.

ალიანსი გამოდის ინიციატივით, რომ ვიდეო-თვალი დამონტაჟდეს ყველა საარჩევნო უბანში და მისი სრული ჩანაწერი, რომელსაც მტკიცებულების ძალა ექნება, ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომჩივანისთვის. დღეს მოქმედი წესის მიხედვით, დაინტერესებულ სუბიექტს  ვიდეო-ჩანაწერის მხოლოდ 15-წუთიანი მონაკვეთის ნახვის უფლება აქვს.

ყალბი პირადობის მოწმობებით მანიპულირების გზით საარჩევნო სიების ხელოვნურად გაზრდის თავიდან ასაცილებლად, ალიანსი მოუწოდებს, დამზადდეს მეხსიერების მაგნიტური ლენტის მქონე ახალი პლასტიკური პირადობის მოწმობები, რაც ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით ორჯერ ხმის მიცემას გამორიცხავს. ამ სიახლის დანერგვით აღარ იარსებებს მარკირების პროცედურის საჭიროება.

ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ალიანსი ასევე მოითხოვს ”გაყალბების” და ”ზეწოლის” აღკვეთის მიზნით გაუქმდეს დახურული უბნები  – სამხედრო ნაწილებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებებში. თუმცა, მათივე თქმით, ასეთი უბნები უნდა დარჩეს წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში.

და ბოლოს, ცვლილება უნდა შეეხოს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდსაც და შეიზღუდოს მასში საჯარო მოხელეების ჩართულობა მათზე სპეციალური საერთაშორისო მონიტორინგის დაწესების გზით. ინიციატივის თანახმად, საგანგებო მონიტორინგი უნდა დაწესდეს პოლიციის ქმედებებზე და ასევე საარჩევნო კამპანიის დროს საინფორმაციო სივრცის ”სამართლიან” განაწილებაზე. ალიანსი ასევე მიიჩნევს, რომ მასწავლებლებს უნდა აეკრძალოთ იმ საარჩევნო კომისიის წევრობა, რომელიც მათ სასწავლო დაწესებულებაშია განთავსებული.

ალიანსის მიერ მომზადებული ეს ცვლილებები უკვე გაეგზავნა ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის მმართველ პარტიას და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს.

”ეს ნიშნავს დიალოგის დაწყებას ყველასთან,”- განაცხადა რესპუბლიკელების წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ ხაზი გაუსვა, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად, რასაც ოპოზიცია მოითხოვს, ახალი საარჩევნო წესების მიღებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.   

”ჩვენ პოლიტიკურ წნეხს, ქართველ ხალხთან ერთად, ხელისუფლებაზე არ მოვხსნით, სანამ არ იქნება ეს კონკრეტული შეთავაზებები მიღწეული,”- აღნიშნა მან.

საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ შეთავაზება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 15 დეკემბერს გაახმოვანა, თუმცა ამ დრომდე ჯგუფს ფუნქციონირება არ დაუწყია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button