
ახალი მინისტრი ”რეფორმების მეორე ტალღის” კურატორი გახდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი სამინისტროს მომავალმა ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტისაგან მიიღო დავალება კოორდინაცია გაუწიოს დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის განხორციელებას და აწარმოოს დიალოგი ოპოზიციასთან.
შაშკინმა განაცხადა, რომ ის ”მჭიდრო” ურთიერთობას აპირებს ”კონსტრუქციულად” განწყობილ ოპოზიციასთან.
“პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის დავალებით, გარდა იმისა, რომ ვხდები ახალი სამინისტროს მინისტრი, მე დამევალება ახალი, მეორე დემოკრატიული რეფორმების ტალღის კოორდინაცია მთავრობის მხრიდან; აქედან გამომდინარე მჭიდრო ურთიერთობას ვაპირებ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვინც იქნება კონსტრუქციულად განწყობილი, უფრო გახსნილი, უფრო ტრანსპარენტული,” – განუცხადა შაშკინმა ჟურნალისტებს 2 თებერვალს.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ცნობილი სახეა საზოგადოებისთვის, დიმიტრი შაშკინს კარგად იცნობენ პოლიტიკურ წრეებში. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) – საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის რანგში, რაც მოიცავს ტრეინინგებს და კონსულტაციებს პოლიტიკური პარტიებისთვის, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა მრავალ პოლიტიკურ ჯგუფთან.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 თებერვალს აღნიშნა, რომ ახალი მინისტრი შეძლებს ოპოზიციასთან დიალოგის წარმართვას, რადგან 4-5 წლის განმავლობაში შაშკინი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა IRI-ში.
“დღეს როცა ყველაზე კრიტიკულია მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე ჩვენი პასუხი და საქართველოს კონსოლიდაცია, პარტიებს შორის დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად საზოგადოებას შორის დიალოგისთვის, ყველა პატარა ჯგუფს შორის, რადიკალებს შორის, ზომიერებს შორის, დიდი ჯგუფებს შორის და მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობას და დანარჩენ პარტიებს შორის დიალოგი და მუდმივი ურთიერთგაცვლა-გამოცვლა,”- განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 2 თებერვალს.
”ვფიქრობ თუ ვინმე ამას შეძლებს, ალბათ არის შაშკინი ამათ შორის იმიტომ, რომ შაშკინი ყველა პარტიასთან თანაბარ დისტანციაზეა, ყველას იცნობს, მას ესმის მათი ენა,”- განაგრძო მან, ”მე ვფიქრობ, რომ ეს დაეხმარება მთავრობას სერიოზულად მოკიდოს ხელი და გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის განხორციელება საკანონმდებლო სფეროში და ზოგადად, ცხოვრებაში, რომელიც მე გამოვაცხადე პარლამენტში წინა გამოსვლისას, გასული წლის შემოდგომაზე”.
ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა შაშკინის პიროვნებაზე ძირითადად დადებითი შეფასებები გააკეთეს, თუმცა სინანული გამოთქვეს მისი მთავრობაში მოსვლის გამო. რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ შაშკინი დათანხმდა სააკაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობას. კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ”ჩვენ დაპატიმრებას თუ აპირებს და შემდეგ ასე თუ აპირებს შაშკინი ჩვენთან თანამშრომლობას, ეგ არ ვიცი”. შემდეგ მან დასძინა, რომ მის პარტიას დადებითი თანამშრომლობა ჰქონდა შაშკინთან, რაც, მისი აზრით, არ გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ის მთავრობის წევრი გახდება. ”რა უნდა ვითანამრომლოთ ჩვენ სააკაშვილის მთავრობის მეორეხარისხოვან მინისტრთან. მე ვფიქრობ, გაცილებით უკეთესი თანამშრომლობა გვქონდა მაშინ, როცა ის არასამთავრობო სექტორში საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა,”- განაცხადა ძიძიგურმა.
ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ იმედი გამოთქვა, რომ შაშკინი ერთგული დარჩება დემოკრატიული და ადამიანის უფლებათა დაცვის ღირებულებების მას შემდეგ, რაც მთავრობის წევრი გახდება. დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან განაცხადეს, რომ უმცირესობა არ დაუჭერს მხარს მთავრობის შემადგენლობას, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მინისტრობის კანდიდატები, მათ შორის დიმიტრი შაშკინი ”მისაღებია” მათთვის.
მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სამინისტროს შექმნა წინასწარ იყო დაგეგმილი და არ უკავშირდება მთავრობაში უკანასკნელ ცვლილებებს – პრემიერ-მინისტრის გრიგოლ მგალობლიშვილს გადადგომას, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური შეცვლის.
სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, თუმცა ცალკე სამინისტროს ჩამოყალიბება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გასულ წელს გენერალური პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა. ახალი სამინისტროს შექმნის მოტივაცია იყო პროკურატურის და სასჯელაღსრულების სისტემის განცალკევება.
2 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ შაშკინმა განაცხადა, რომ ”იგი პროფესიონალი მენეჯერია” და ყურადღებას გაამახვილებს ”სწორ დაგეგმვასა და მენეჯმენტზე”.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემას სჭირდება ადამიანი, რომელსაც ”ექნება გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და რომელსაც ექნება არაბიუროკრატიული, არასტანდარტული დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის რეფორმებია გასატარებელი სასჯელაღსრულების სისტემაში”.
”მე ვფიქრობ ბატონი შაშკინი ამ კუთხით არის კარგი კანდიდატურა,” – დასძინა მან.
შაშკინის კანდიდატურა პირველად 2 თებერვალს გახმოვანდა. მანამდე, ქართული მედია ვარაუდობდა, რომ მინისტრის თანამდებობას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე დაიკავებდა.
რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის კიდევ ერთ ახლადშექმნილ სამინისტროს დავით ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე სახელმწიფო მინისტრი იყო რეგიონალური მართვის საკითხებში.
აღნიშნული სამინისტრო რეგიონალურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბაზაზე შეიქმნა და მის შემადგენლობაში ასევე შევა საგზაო დეპარტამენტი და ტრანსპორტის დეპარტამენტი – ორივე ეს უწყება მანამდე ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა.