skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის დიპლომატები ქართველ პოლიციელებზე თავდასხმებს გმობენ

საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა განაცხადეს 20 იანვარს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ ისინი ღრმად არიან შეშფოთებულნი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს  ქართველ პოლიციელებზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების გამო.

16 იანვარს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს სნაიპერმა ქართველი პოლიციელი მოკლა. 18 იანვარს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან კიდევ ერთი ქართველი პოლიციელი დაიჭრა, 19 იანვარს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ორი ქართველი პოლიციელი ასევე დაიჭრა. აგვისტოს ომის შემდეგ მოკლული ქართველი პოლიციელების რაოდენობამ თერთმეტს მიაღწია.

”თბილისში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობა… გმობს ამგვარ თავდასხმებს, რომლებიც მიუღებელია და წარმოადგენს მედვედევი-სარკოზის შეთანხმებების აშკარა და სერიოზულ დარღვევას,” – ნათქვამია განცხადებაში, ”ის ელის ინციდენტების სრულ გამოძიებას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე პასუხისმგებელი პირების გასამართლების მიზნით.”

”ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების მიხედვით. თბილისში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელობა მოუწოდებს რუსეთს უზრუნველყოს უსაფრთხოება სეპარატისტულ რეგიონებში, შეუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და უზრუნველყოს, რომ არასტაბილურობა არ გავრცელდეს ამ რეგიონებიდან დანარჩენ საქართველოში”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button