Placeholder canvas
ახალი ამბები

გაზეთი სახალხო დამცველის პოლიტიკაში შესაძლო წასვლაზე წერს

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შესაძლოა რესპუბლიკელებისა და ახალი მემარჯვენეების ახლადშექმნილი ალიანსის ერთ-ერთი პოლიტიკური სახე გახდეს, წერს გაზეთი ”რეზონანსი” 9 დეკემბერს.

მიუხედავად იმისა, რომ სუბარი გაზეთთან საუბარში პირდაპირ არ ადასტურებს მის პოლიტიკურ გეგმებს, აცხადებს: ”სახალხო დამცველი რომ აღარ ვიქნები, მერე ცხადია სახლში ჯდომას და პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ, ბუნებრივია, სანამ რამე სასარგებლოს გაკეთება შემიძლია”.

ახალ ოპოზიციურ ალიანსთან კონსულტაციების შესახებ სუბარმა ”რეზონანსს” განუცხადა, რომ ”ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ყველასთან ყველაფერზე ვლაპარაკობ. მით უმეტეს, რთული პერიოდია და ცხადია, რომ რაღაც საუბრები ყოველთვის არის, მაგრამ სანამ ვარ სახალხო დამცველი, ვიქნები სახალხო დამცველი და ამ ზღვარს არ გადავლახავ, არ გავაკეთებ განცხადებებს სად ვიქნები, როგორ ვიქნები, რას გავაკეთებ”. 

რესპუბლიკელებისა და ახალი მემარჯვენეების წარმომადგენლები სოზარ სუბარს, გაეროში ყოფილი ელჩის ირაკლი ალასანიას მსგავსად, რომელიც ალიანსის პოტენციურ ლიდერად მოიაზრება, ”სასურველ პარტნიორად” განიხილავენ.

სოზარ სუბარი სახალხო დამცველად 2004 წელს აირჩიეს და მას 5-წლიანი უფლებამოსილება 2009 წლის შემოდგომაზე ეწურება. თუმცა მან არ გამორიცხა ვადაზე ადრე გადადგომაც. ”ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა ვითარება იქნება ქვეყანაში,”- განუცხადა მან ”რეზონანსს”.

ბოლო ერთი წელია სახალხო დამცველი განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების სფეროში დარღვევების გამო. მედიის ვარაუდები სუბარის პოლიტიკური გეგმების შესახებ მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან დააარსა საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის – ”არაფორმალური” და ”აპოლიტიკური ორგანიზაცია,” როგორც სახალხო დამცველმა 30 სექტემბერს პრეზენტაციაზე განაცხადა.

ცოტა ხნის სოზარ სუბარმა უარი განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ჯილდოზე ადამიანის უფლებების სფეროში გაწეული ღვაწლის გამო, რადგან ამ პრემიის მიღებას პრეზიდენტ სააკაშვილის თანხმობაც სჭირდებოდა.

”მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია იმ ადამიანების დაცვა, რომელთა უფლებებიც სახელმწიფოს მიერ იქნა შელახული. განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ამ დარღვევებს სისტემური ხასიათი აქვს და ამის უმთავრესი მიზეზი ადამიანის უფლებების დაცვისათვის პოლიტიკური ნების არ არსებობაა მთლიანად ხელისუფლების და უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან,”- ნათქვამია წერილში, რომელიც სუბარმა პოლონეთის პრეზიდენტს 3 დეკემბერს გაუგზავნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button