skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე ორჯერ დაარღვია – საგარეო უწყება

13 ოქტომბერს საქართველოს საჰაერო სივრცე ორჯერ დაირღვა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავების მიერ, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მიიღოს ზომები ამ ”აგრესიის აღსაკვეთად”.

სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ 9:57 საათზე ორმა საფრენმა აპარატმა გადმოკვეთა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი ყაზბეგის რაიონში, 18 კმ-ით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში და 10:01 საათზე ჯავის რაიონის მიმართულებიდან (როკის გვირაბის სიახლოვეს) გაბრუნდა რუსეთში.

მომდევნო შემთხვევა ასევე 13 ოქტომბერს 10:29 საათიდან 12:27 საათამდე შუალედში დაფიქსირდა, როცა სამი სამხედრო თვითმფრინავი (მყინვარწვერისა და სტეფანწმინდის მიმართულებიდან) 45 კმ-ის სიღრმეში შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, რამდენჯერმე გადაუფრინა ონის, საჩხერის, ჯავის, ცხინვალისა და ყაზბეგის რაიონებს, და შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია.

”რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავების კიდევ ერთი შემოჭრა საქართველოს სუვერენულ საჰაერო სივრცეში ადასტურებს, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას,”- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button