
თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულ და დაკარგულ ჯარისკაცთა სახელობითი სია გამოაქვეყნა
თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოს დასაწყისში ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა სახელობითი სიები გამოაქვეყნა.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 25 სექტემბრის მონაცემებით, დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 115 შეადგენს, მათ შორის 8 ოფიცერი, 96 კაპრალ/სეჟანტი, 9 რეზერვისტი, ერთი რიგითი და ერთიც სამოქალაქო პირია.
დაკარგულთა რაოდენობა 54-ს შეადგენს, აქედან 14 ოფიცერი და 40 კაპრალ/სერჟანტია.
გასულ კვირას ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ გარდაცვლილთა სახელობითი სიის გამოქვეყნება მოითხოვა და ხელისუფლება, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, ამ სიების შეგნებულად დამალვაში დაადანაშაულა.
169 სამხედრო, თავდაცვის სამინიტროს განმარტებით, მოიცავს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცებსაც. ასეთებად ითვლება ასევე თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული 43 უცნობი ჯარისკაცი, რომელთა ამოცნობის პროცესი დნმ-ის ანალიზების საფუძველზე ჯერ არ დასრულებულა.
15 სექტემბრის მონაცემებით კონფლიქტის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოფიციალურად დარეგისტრირებული რაოდენობა 370-ს შეადგენდა, აქედან 188 სამოქალაქო პირი, 168 – სამხედრო და 14 შსს-ს თანამშრომელი იყო.
თუმცა 25 სექტემბრის ბოლო მონაცემი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ყოველმხრივ გადამოწმებულია, 1-ით აღემატება 15 სექტემბერს ამავე უწყების მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)