
სხეფერი: რუსული ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიუღებელია
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონტინგენტების დატოვების თაობაზე ”რთული ასატანია”.
”თუ რუსები სამხრეთ ოსეთში ასეთი დიდძალი რაოდენობით რჩებიან, მე არ მივიჩნევ ამას სტატუს ქვოზე დაბრუნებად,” – განაცხადა სხეფერმა Financial Times-თან ინტერვიუში, რომელიც 15 სექტემბერს გამოქვეყნდა. ”რუსული ძალების სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დარჩენის ვარიანტი მიუღებელია”.
12 აგვისტოს ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმება რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის აცხადებს, რომ ”რუსული შეიარაღებული ძალები უნდა დაუბრუნდნენ იმ პოზიციებს, რომლებიც საომარი მოქმედებების დაწყებამდე ეკავათ”. მოგვიანებით 8 სექტემბერს რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის პირდაპირ ნათქვამი, რომ ძალები უნდა დაუბრუნდნენ ომამდე არსებულ პოზიციებს. თუმცა, ნათქვამია, რომ მხარეებმა უნდა დაადასტურონ თავიანთი მხარდაჭერა 12 აგვისტოს შეთანხმების პირობების მიმართ.
საომარი მოქმედებების დაწყებამდე, რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, მოსკოვს 1 000-მდე სამხედრო ჰყავდა სამხრეთ ოსეთში სამშვიდობოების სტატუსით, ხოლო 2 500-მდე – აფხაზეთში. რუსეთის თქმით, ამიერიდან მას ორივე რეგიონში 7 600 სამხედრო ეყოლება.
რუსეთი აცხადებს, რომ 12 აგვისტოს შემდეგ რეალური ვითარება შეიცვალა, რადგანაც მას შემდეგ მოსკოვმა უკვე აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 14 სექტემბერს სოხუმში აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრის შემდეგ, რომ რუსული ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ ორი ”რესპუბლიკის” თხოვნის საფუძველზე იმყოფებიან.
”და ამ ძალების სტატუსი სამართლებრივად განმტკიცდება უახლოეს მომავალში, როდესაც ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას თანამშრომლობის და მეგობრობის შესახებ [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან],” – განაცხადა ლავროვმა.
Financial Times-თან ინტერვიუში სხეფერმა მიანიშნა, რომ ნატო არ შეცვლის გადაწყვეტილებას ალიანსის ელჩების და რუსეთის რეგულარული შეხვედრების შეწყვეტასთან დაკავშირებით მანამ, სანამ რუსულ ძალები დარჩებიან თვითგამოცხადებულ რეგიონებში.
”მე ვფიქრობ, ნატო-რუსეთის საბჭოს სწრაფი განახლება… არ იქნება ადვილი,” – განაცხადა მან.
ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი და ალიანსის 26 წევრი ქვეყნის ელჩები თბილისს 15-16 სექტემბერს ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის პირველი დამფუძნებელი სხდომა. ამ კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა 19 აგვისტოს მიიღეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)