ახალი ამბები

ოქრუაშვილი: ”სააკაშვილის დღეები დათვლილია”

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პასუხისგებაში უნდა მიეცეს და ის უნდა გადადგეს.

ოქრუაშვილმა, რომელიც საქართველოს მიერ იძებნება, ხოლო საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, ”როიტერთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ”ერთი წლის ვადაში” აპირებს საქართველოში დაბრუნებას.

”[სააკაშვილმა] პასუხი უნდა აგოს და და უნდა გადადგეს. თუ ის გადადგება, ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ უნდა მიეცეს. მაგრამ თუ არა, ეს გამოიწვევს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას,” – განაცხადა ოქრუაშვილმა. ”მე ერთი წლის ვადაში დავბრუნდები, თუნდაც ეს ციხის რისკის ფასად დამიჯდეს. მაგრამ, მანამდე მე შევეცდები სწორი პირობების შექმნას. სააკაშვილის დღეები დათვლილია”.

მან ასევე განაცხადა, რომ 7 ნოემბერი – სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დარბევის ერთი წლისთავი  – იქნება ”გამოცდა ოპოზიციისთვის”.

”ჩვენ დავინახავთ, თუ რამდენად შეუძლია ოპოზიციას მობილიზება,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილმა, რომელიც 2004 წლის დეკემბრიდან 2006 წლის ნოემბარმდე თავდაცვის მინისტრად მსახურობდა, ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ 15 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საქართველოსთვის ”სამარცხვინოა”.

”როიტერთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ის და პრეზიდენტი სააკაშვილი ერთად მუშაობდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის სამხედრო გეგმებზე.

”აფხაზეთი ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი იყო, მაგრამ 2005 წელს ჩვენ დავსახეთ სამხედრო გეგმები როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თაობაზე,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს გეგმა ითვალისწინებდა ცხინვალის, ჯავის და როკის გვირაბის აღებას.

”სააკაშვილის [აგვისტოს] იერიში მხოლოდ ცხინვალის აღებას ისახავდა მიზნად, რადგანაც მას ეგონა, რომ აშშ დაბლოკავდა რუსეთის რეაქციას დიპლომატიური არხებით,” – განაგრძო მან. ”თუმცა, როდესაც აღმოჩნდა, რომ აშშ-ს რეაქცია არ არსებობდა, სააკაშვილმა ჯარები როკის გვირაბისკენ დაძრა.” 

თუმცა, მისი თქმით, ეს ოპერაცია უხეიროდ იყო დაგეგმილი, რამაც რუსეთს მისცა საპასუხო ზომებისთვის იოლად მიმართვის საშუალება.
 
ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2006 წლის შემდეგ საქართველოს არ ჰქონია სამხედრო გზით წარმატების მიღწევის საშუალება. ”რუსებმა გადააჯგუფეს ძალები და გააუმჯობესეს თავიანთი სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩრდილოეთ კავკასიაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში”.

მან ასევე გააკრიტიკა შეერთებული შტატები პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამო.

”სწორედ აშშ-ს მხრიდან კრიტიკის ნაკლებობის გამო წავიდა ის [სააკაშვილი] ასე შორს,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის აფრთხილებდა თბილისს არ ჩართულიყო სამხედრო კონფრონტაციაში. ”როდესაც ჩვენ 2005 წლის მაისში პრეზიდენტ ბუშს შევხვდით, ჩვენ პირდაპირ გვითხრეს: ნუ ჩაერთვებით სამხედრო კონფრონტაციაში. ჩვენ ვერ დაგეხმარებით სამხედრო გზით,” – განაცხადა ოქრუაშვილმა.

2004 წლის ზაფხულში, როდესაც ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად მსახურობდა, მან უხელმძღვანელა შეტევას სამხრეთ ოსეთის მებრძოლების წინააღმდეგ იმ სტრატეგიულ სიმააღლეებზე, რომლებიც ცხინვალს გადაჰყურებს. მაშინ, ოფიციალური ინფორმაციით, სულ ცოტა 17 ქართველი სამხედრო დაიღუპა. ეს ოპერაცია და საერთოდ მთელი მაშინდელი სამხედრო კამპანია ოპოზიციის დიდი კრიტიკის საბაბი გახდა.

2006 წლის ოქტომბერში რუსული გაზეთი ”ვერსია” წერდა, რომ მის ჟურნალისტთან ინტერვიუში ოქრუაშვილმა, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრის იყო, განაცხადა, რომ საქართველო მზად იყო რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის და თუ ეს უკანასკნელი დაიწყებდა ომს საქართველოს წინააღმდეგ, ეს ”კატასტროფა” იქნებოდა რუსული არმიისთვის. თუმცა, თავდაცვის სამინისტრომ მაშინ უარყო, რომ ოქრუაშვილმა მსგავსი რამ განაცხადა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button