skip to content
ახალი ამბები

გერმანია და აშშ აცხადებენ, რომ რუსული ძალების გაყვანა არასრულია

თეთრი სახლისა და გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 23 აგვისტოს განაცხადეს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი გეგმით აღებული ვალდებულება.

”მუდმივი აღჭურვილობისა და საგუშაგოების განლაგება შეუთავსებელია შეთანხმებასთან,”- განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა გორდონ ჯონდრომ, ”ჩვენ კავშირში ვართ სხვადასხვა მხარეებთან დადასტურების მისაღებად”.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გაიყვანა თავისი ძალები ქალაქ გორიდან და მთავარი ავტომაგისტრალიდან, რუსები ინარჩუნებენ საგუშაგოებს საპორტო ქალაქ ფოთთან და სამეგრელოს კიდევ ერთ ქალაქ სენაკთან. რუსული ბლოკსაგუშაგოები ასევე განლაგებულია გორის ჩრდილოეთ ნაწილში – ტერიტორიაზე, რომელზეც არავინ დავობს, რომ საქართველოსია. უახლოესი საგუშაგო მდებარეობს გორიდან 5-კმში სოფელ კარალეთთან.

”გერმანიის მთავრობა მოელის რუსეთისგან დაუყოვნებლივ დაასრულოს გაყვანა ექვსპუნქტიანი გეგმის შესაბამისად, რომელსაც ასევე მოაწერა ხელი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და თავისი ჯარები უკან დახიოს კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ ხაზზე, როგორც იყო შეთანხმებული,”- იტყობინება ”როიტერი” გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის თომას შტეგის სიტყვებზე დაყრდნობით.

”ჩვენი ინფორმაციით, რუსეთმა დაიწყო საქართველოდან გასვლის პროცესი, თუმცა არ დაასრულა ის,”- აღნიშნა მან.

თომას შტეგმა ასევე განაცხადა, რომ 23 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა სატელეფონო საუბარი გამართა პრეზიდენტ სააკაშვილთან.

”გერმანიის მთავრობა ელის, რომ დარჩენილი რუსული ჯარები ასევე დაიხევენ უკან სამხრეთ ოსეთის სამხრეთ ზონიდან და ისინი ჩანაცვლებული იქნებიან საერთაშორისო მექანიზმებით რაც შეიძლება სწრაფად, შეთანხმების შესაბამისად,”- განაცხადა შტეგმა.

ცალკე განცხადებაში მან ასევე აღნიშნა, რომ ანგელა მერკელი გამოვიდა წინადადებით, რომ ევროკავშირმა გამართოს საქართველოს შესახებ ”სამეზობლო კონფერენცია”.

გერმანულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Der Spiegel-მა განაცხადა, რომ მერკელის იდეა გულისხმობს სამეზობლო კონფერენციაში სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობას, და არა რუსეთისა, იუწყება ”როიტერი”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button